2016 წლის მაისიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმის ნეკრესის ნაქალაქარის შემსწავლელმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ განაახლა კვლევები ქალაქ ყვარლის მახლობლად, მდ. დურუჯის მარჯვენა სანაპიროზე, ამჟამად “დოლოჭოპის” სახელით ცნობილ ტერიტორიაზე. ეს არის ქართული ქრისტიანული არქეოლოგიის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური, კავკასიის მიწის ქვეშ შემონახულ ქრისტიანულ ბაზილიკათაგან ჯერჯერობით უდიდესი და ერთ-ერთი უძველესი ნატაძრალი.

აღნიშნული ძეგლი 2004 წელს იქნა აღმოჩენილი. 2012-2014 წლებში ჩატარებული გათხრების შედეგად გამოვლინდა V საუკუნეში აგებული გრანდიოზული სამნავიანი ბაზილიკის ცენტრალური დარბაზის ზოგადი მოხაზულობა. მხოლოდ მისი სიგრძე-სიგანეც კი (36Х18.5 მ), მნიშვნელოვნად აღემატება საქართველოში მანამდე ცნობილ ყველა ბაზილიკურ ტაძარს. ბაზილიკის ძირითადი დარბაზი 5 წყვილი ჯვრისებრი გეგმის სვეტით სამ ნავად არის დაყოფილი. შუა ნავის აღმოსავლეთ კიდეში, მკვეთრად ნალისებური გეგმური მოხაზულობის საკურთხევლის აფსიდი ყოფილა მოწყობილი. აფსიდში ოთხსაფეხურიან ხარისხზე დაფუძნებული სამეუფეო ტახტიც გამოვლინდა. საკურთხევლის წინ დადასტურდა პომპეზური, ავანსცენისებური ბემა და სოლეა, რომლის ანალოგი საქართველოში დღემდე შესწავლილ შუა საუკუნეების ქრისტიანულ ტაძრებში არსადაა შემონახული.

2015 წელს განხორციელებული სამუშაოებით გამოირკვა, რომ ამ სამნავიან ბაზილიკურ ნაგებობას ჩრდილოეთიდან, დასავლეთიდან და სამხრეთიდან გარს ერტყა ერთიანი გარე კედლებით შექმნილი გალერეების სივრცეში მოქცეული ეკვდერების, სტოების და ნართექსის სისტემა, რომელთა შემორჩენილი სიმაღლე 1 მ-დან 1.5 მ-მდე მერყეობს. ჩრდილოეთის და სამხრეთის გალერეების უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილებში ნალისებრი გეგმის აფსიდით დასრულებული ეკვდერები ყოფილა მოწყობილი, რომელთაგან ერთ-ერთს თავდაპირველად ბაპტისტერიუმის ფუნქციური დატვირთვა გააჩნდა.

ახლადგამოვლენილი კონსტრუქციების ჩათვლით, ამ უძველესი, გამორჩეულად მასშტაბური ბაზილიკის გარე ზომებმა 44Х27 მეტრს მიაღწია, რითაც მას ანალოგი არ გააჩნია კავკასიასა და ქრისტიანული სამყაროს მახლობელ რეგიონებში. ამ ტაძრის დახვეწილი სივრცულ-გეგმარებითი, კონსტრუქციული და მხატვრული გადაწყვეტა არაფრით ჩამორჩება რომაულ-ბიზანტიური სამყაროს ცენტრალური პროვინციების ადრექრისტიანულ ბაზილიკებს.

2015 წელს დურუჯისპირა ბაზილიკის გათხრებს კიდევ ერთ სენსაციური აღმოჩენა მოჰყვა: გამოირკვა, რომ V საუკუნის ეს გრანდიოზული ტაძარი კიდევ უფრო ადრეული, 25 მ-მდე სიგრძის და, დაახლოებით, 15 მ-მდე სიგანის ქრისტიანული ბაზილიკის ნანგრევებზე ყოფილა აღმართული. ამ თავდაპირველი ტაძრის იატაკის გათხრისას IV საუკუნისთვის დამახასიათებელი ნივთიერი მასალა აღმოჩნდა, რაც ადასტურებს, რომ ნაგებობა ამ ხანაშია აგებული. გათხრებისას გამოვლენილი სტრატიგრაფიული სურათის საფუძველზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ ძველი ბაზილიკა V საუკუნის პირველ ნახევარში დაინგრა მიწისძვრისგან და ამავე საუკუნის II ნახევარში, ახალი ბაზილიკა აიგო. აღსანიშნავია, რომ ძველი ბაზილიკა დღეისათვის ცნობილ IV საუკუნის ქართულ ტაძართა შორის ზომით მეორეა (15 წლის წინათ ნეკრესის ნაქალაქარზე გათხრილი ჭაბუკაურის ბაზილიკაზე ოდნავ მომცრო).

ექსპედიციამ მიმდინარე, 2016 წლის სეზონზე, დურუჯისპირა დიდი ბაზილიკის მასშტაბების შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოიპოვა. გამოირკვა, რომ ბაზილიკას აღმოსავლეთ ფასადის ორივე კუთხეში, მძლავრი, სავარაუდოდ კოშკისებური ნაგებობები ჰქონია მიდგმული, რომლებიც ტაძრის სტატიკური მედეგობის გაძლიერებას ემსახურებოდა და ამავდროულად, თავისებურ საფასადო ესთეტიკას ქმნიდა. მსგავსი საფასადო კოშკებით აღჭურვილი ბაზილიკები მრავლად გვხვდება ქრისტიანული რომის იმპერიის და ადრეულ ბიზანტიურ საეკლესიო არქიტექტურაში. მოგვიანებით, ის ტრანსფორმირებული სახით, გავრცელდა ევროპის რომანულ და გოთურ სატაძრო ხელოვნებაში.

დურუჯისპირა ბაზილიკაზე ამ არქიტექტურულ-კონსტრუქციული თემის დადასტურებამ კიდევ უფრო გაამყარა მოსაზრება, რომ იბერიის სამეფოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად აღიარებიდან სულ რამდენიმე ათწლეულის შემდეგ, იგებოდა რომაულ-ბიზანტიური ქრისტიანული ხუროთმოძღვრების მეტად მაღალ კონსტრუქციულ და ესთეტიკურ სტანდარტებთან მიახლოებული სატაძრო ნაგებობები.

ექსპედიციას ხელმძღვანელობს საქართველოს ეროვნული მუზეუმის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, არქეოლოგი და არქიტექტურის ისტორიკოსი, პროფესორი ნოდარ ბახტაძე. ეროვნული მუზეუმის მხრიდან ექსპედიციაში მონაწილეობენ არქეოლოგები ვაჟა მამიაშვილი, ბაჩანა გაბეხაძე, ჯიმშერ ჩხვიმიანი, გიორგი გოგოლაძე და გიორგი კურტანიძე.

კვლევებში ჩაბმულნი არიან ვარშავის (პოლონეთი), იენას (გერმანია) ფრიდრიხ შილერის სახელობის და ექსეტერის (დიდი ბრიტანეთი) თეოლოგიისა და რელიგიისა უნივერსიტეტების თანამშრომლები.

ექსპედიცია, ისევე როგორც წინა წლებში, ხორციელდება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით.

წყარო: http://www.ambioni.ge/