პირველი პერიოდი – მოსამზადებელი (I-IVსს.)

მართლმადიდებლური საეკლესიო პოეზიის სათავეებზე საუბრისას არ შეიძლება არ ვახსენოთ ის კავშირი, რომელიც არსებობდა პირველი ქრისტიანების ყოფასა და ძველი აღთქმის ტაძარსა და სინაგოგას შორის. ქრისტიანული ღვთისმსახურების იუდეური ფესვები გაცილებით ღრმაა, ვიდრე ფიქრობენ. ფსალმუნებს და საერთოდ ბიბლიურ საგალობლებს განსაკუთრებული ადგილი ეკავათ ლიტურგიკაში. მოციქულთა საქმე და პავლეს ეპისტოლენი ცხადყოფს, რომ პირველი ქრისტიანებისთვის რელიგიური ცხოვრების ცენტრი კვლავ ტაძარი იყო. წარმოუდგენელიცაა, რომ უფლის აღდგომის და სულიწმინდის გარდამოსვლის შემდეგ მალე მომხდარიყო განხეთქილება მოციქულთა და იუდეველთა შორის. უფრო მეტიც, ქრისტიანობისა და იუდეველობის სრული გამიჯვნის შემდეგაც ძველი აღთქმის მოგონებები დიდხანს ცოცხლობდნენ იმათ სულებში, რომელთა წინაპრებიც იუდეველები იყვნენ.

ადრეული ხანის ქრისტიანული პოეზიის ისტორიის კვლევისას გასათვალისწინებელია იმ პერიოდის ქრისტიანული საზოგადოების ქარიზმატული განწყობა, რომელიც სულიწმინდის მადლით და წინასწარმეტყველური ეგზალტაციითა და შთაგონებით სულდგმულობდა. ეს არ გვაძლევს საშუალებას დავუშვათ, რომ იმ პერიოდის წინასწარმეტყველურად განწყობილი მოძღვრები და პოეტები არსებულ ჩანაწერებსა და დაზეპირებულ ტექსტებს იყენებდნენ. ამიტომაც იმ პოეზიის შესახებ თითქმის არაფერი ვიცით. ცნობები კი გვაქვს, თან საკმარისიც, მაგრამ იმდროინდელი პოეტური ნაწარმოებები თითქმის არ მოგვეპოვება.

წმინდა მოწამე იუსტინე ფილოსოფოსი თავის “დიდასკალიებსა” და “აპოლოგიებში” ამბობს, რომ ლიტურგიის დროს წინასწარმეტყველები და ღვთისმსახურები “მადლობას სწირავდნენ (ე.ი. აღავლენდნენ მათ მიერვე შედგენილ სამადლობელო, ევქარისტიულ ლოცვებს) “შეძლებისდაგვარად”. სავარაუდოა, რომ ჩვენამდე მოუღწეველი ქარიზმატული ჰიმნები მხატვრული ღირებულებებით არ ჩამოუვარდებოდა ესაიასა და იერემიას წინასწარმეტყველებებს, დავითის ფსალმუნებსა და იოანე ნათლისმცემლის დაბადებისას ზაქარიას მიერ აღვლენილ სამადლობელო წინასწარმეტყველურ საგალობელს.

ამიტომ არ არის სარწმუნო ზოგიერთი მეცნიერის (ფრედერიკ ოზანამი) მოსაზრება, რომ ფაქტებს, დოგმატებსა და გარკვეულ ჭეშმარიტებებთან მჭიდროდ დაკავშირებული ქრისტიანობა თავისი არსებობის პირველ წლებში ვერ შეეგუებოდა პოეზიას, ფანტაზიასა და “ფიქციას”. ვითომ მხოლოდ მილანის ედიქტის შემდეგღა გაჩნდა საეკლესიო პოეზია? ვერაფრით დავეთანხმებით ამ მოსაზრებას. მართალია, პირველი საუკუნეების ქრისტიანობა დოგმატიზმით არ იყო გადატვირთული, ერიდებოდა განყენებულ აზრებსა და ფილოსოფოსებს, მაგრამ არც მარტო ფაქტებით იყო გაჯერებული, რადგან ამქვეყნიური საგნები და მოვლენები წარმავალი და უინტერესო იყო მისთვის. ოზანამის აზრით, პირველი ქრისტიანები მხოლოდ პროზაულად მეტყველებდნენ. არადა, წერილობითი წყაროები სულ სხვა ცნობებს გვაწვდის. მოვიყვანთ მხოლოდ რამდენიმეს.

წმ. კლიმენტი რომაელის კორინთელებისადმი მიძღვნილ პირველ ეპისტოლეში მოყვანილია ღვთისადმი აღვლენილი პოეტური შთაგონებით აღსავსე საგალობელი. “დიოგნეტესადმი ეპისტოლეში” არის პოეტური პასაჟები. პლინიუს უმცროსის ცნობით, ქრისტიანები თავიანთ შეკრებებზე უგალობდნენ ქრისტეს, როგორც ღმერთს. 787 წელს გამართულ მსოფლიო საეკლესიო კრებაზე წაიკითხეს ე.წ. “იუდეველისა და ქრისტიანის სიტყვა”. ეს აპოკრიფული ჰიმნი პირველქრისტიანობის ხანას უნდა მიეკუთვნებოდეს, იგი ვითომ თვით ქრისტემ აღავლინა ვნების წინ. კლიმენტი ალექსანდრიელი გვაწვდის ცნობებს თავისი დროის “ჰიმნებისა და ოდების” და “ტრაპეზის საგალობლებისა და ფსალმუნების” არსებობის შესახებ. საგალობლებს ახსენებს ორიგენე, წმ. გრიგოლ ნეოკესარიელი, წამებანი, “მოციქულთა საქმენი”. 269 წელს ანტიოქიის კრებამ გაკიცხა პავლე სამოსატელი იმ საგალობლებით სარგებლობისათვის, რომლებიც ფსალმუნიდან არ მომდინარეობდა. მკვლევარ ლე კლერკის აზრით, კარდინალ პიტრას მიერ დამოწმებული აღდგომის საგალობლები ძალიან ძველია.

ჩვენამდე წერილობით მოღწეულია და დღესაც ეკლესიაში გამოყენებული უძველესი საგალობელია “ნათელი მხიარული”. სლავური ჟამნი მას პატრიარქ სოფრონ იერუსალიმელს (+638წ.) მიაწერს, მაგრამ წმ. მარკოზ ეფესელი მას წმინდა მოწამე ათინოგენს (+311წ.) მიაკუთვნებს, ბასილი დიდის აზრით კი, უცნობია ავტორი საგალობლისა. “ვუგალობთ მამასა და ძესა და წმინდასა სულსა”. ეს, როგორც სკაბალანოვიჩი ამბობს, II-III სს-ის ტიპიური ქრისტოლოგიაა. მისი სიძველის სასარგებლოდ მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ავტორი უცნობია. ეს გალობა გარკვეულწილად ჰგავს უძველესი ეთიოპური დადგენილებების აღაპებს. ყოველ შემთხვევაში უდავოა, რომ “ნათელი მხიარული” ბიბლიის V საუკუნის ალექსანდრიულ ნუსხაშია მოტანილი. ეს კი სოფრონ იერუსალიმელის მოღვაწეობის ხანაა. წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი არიანელებთან პოლემიკის დროს უამრავ სიტყვისგებასა და ეპისტოლეს წერდა, მაგრამ განსაკუთრებით ბევრ პოეტურ თხზულებებს ქმნიდა. იგი პოეტი-ღვთისმეტყველია. ბევრი მისი ფრაზა გამოიყენებოდა შემდეგი დროის ლიტურგიკულ ჰიმნოგრაფიაში.

IV საუკუნეს უკავშირდება აკროსტიქული ჰიმნების გამოჩენა. შეუძლებელია არ აღინიშნოს ისიც, რომ იმავე პერიოდში საკმაოდ განვითარდა გნოსტიკოსებისა და სხვა ერეტიკოსების ჰიმნოგრაფია. მათ საწინააღმდეგოდ ედესის მხარეში მოღვაწეობდა წმ. ეფრემ ასური (323-378). მან დაწერა ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი 27 საგალობელი, 52 საგალობელი – ეკლესიასა და 87 – რწმენაზე. მის ჰიმნებს სირიელები დღემდე გალობენ.

ამგვარად, საეკლესიო პოეზია თავისი განვითარების პირველ პერიოდში ქარიზმატული ბუნებისა იყო, ამიტომაც არ გვაქვს იმდროინდელი წერილობითი პოეტური ძეგლები. რაც შეეხება ცალკეული ლოცვების სახით ჩვენამდე მოღწეულ ლიტურგიკულ ქმნილებებს, ისინი ნაკლებად შეიცავენ დოგმატურ იდეებს.

მეორე პერიოდი – პოეზიის აღორძინების ხანა (V-VII სს.)

მეორე პერიოდში გამოჩნდა არაერთი მგალობელი (ანატოლი, სოფრონი და სხვა), რომლებმაც გარკვეული კვალი დატოვეს პოეზიის ისტორიაში, ამ მხრივ გამორჩეულია სრულიად ახალი ტიპის საგალობლის, კონდაკიონის შემქმნელი რომანოზ მელოდოსი. პოეზიის ამ სახემ ნამდვილად მოახდინა გავლენა გვიანი პერიოდის მწერალთა შემოქმედებაზე, მაგრამ პრაქტიკაში ვერ დამკვიდრდა. მალე ლიტურგიკის ისტორიაში ახალი ეტაპი დაიწყო. მისთვის რომანოზის პოეზია მეტისმეტად დახვეწილი იყო.

როგორც ისტორიკოსები წერენ, ლიტურგიკული შემოქმედების მეორე პერიოდისათვის დამახასიათებელია ერეტიკული პოეზიის მნიშვნელოვანი გავლენა. თუმცა ამან არ უნდა შეგვაშფოთოს. ერეტიკოსების საწინააღმდეგოდ გამოჩნდნენ მართლმადიდებელი პოეტები, რომლებმაც ნაწილობრივ ისესხეს ერეტიკოსთა მეთოდები, ნაწილობრივ მონახეს ახალი გზები.
ყურადღება უნდა გავამახვილოთ ერთ გარემოებაზეც, რომელიც გავლენას ახდენდა საეკლესიო პოეზიაზე – ეს არის ბერმონაზვნული ცხოვრების განვითარება. იგი პირველ პერიოდშივე გამოჩნდა, მაგრამ იმდენად იყო ამ სამყაროს მოწყვეტილი, რომ მნიშვნელოვან გავლენას ვერ ახდენდა საეკლესიო კულტურაზე. მეორე პერიოდში კი ბერმონაზვნობა გამოდის ასპარეზზე, ვითარდება მონოფიზიტობა. ცნობილია, რომ ქალკედონის კრებამ მიიღო დადგენილებები, რომლებიც არეგულირებდა ბერმონაზვნობის გავლენას საეკლესიო ცხოვრებაზე. ბერები უკვე ანგარიშგასაწევ ძალად იქცნენ, მაგრამ არ გააჩნდათ საკმარისი შემოქმედებითი უნარი საეკლესიო საგალობლების შესადგენად.

IV-V საუკუნეებში ეგვიპტური მონასტრები ორი გზით განვითარდა: ანაქორეტული და კინოვიური, რაც ცხოვრებისა და გადარჩენის ორ გზას გულისხმობს. ეს ორი ტიპი დარჩა ბერმონაზვნობის განვითარების მთელი ისტორიის განმავლობაში როგორც ათონზე, ასევე რუსეთში, საბერძნეთსა და მთელ აღმოსავლეთში. ანაქორეტული გზა ინდივიდუალური გზაა, რომელიც შემდგომში იდიორითმულ მონასტრებად ჩამოყალიბდა. კინოვიური მონასტრები კი კოლექტიურობაზეა დაფუძნებული და, მართალია, ცალკეული ინდივიდის შესაძლებლობების გამოვლენის საშუალებას ნაკლებად იძლევა, მაგრამ უკეთესი გზაა საეკლესიო აღმშენებლობისათვის. ყველაზე ძნელი მაინც სირიული განდეგილობა, იგივე მესვეტეობაა. განმარტოებით მცხოვრები ბერმონაზვნობა ზოგჯერ ამქვეყნიური ცხოვრებისა და მისი განვითარებული კულტურის მოწმე მაინც ხდებოდა, რაც გაურკვევლობასაც კი იწვევდა. ამის მაგალითად გამოდგება ეგვიპტური ჰაგიოგრაფიიდან ლე კლერკის მიერ დამოწმებული ამბავი: ამბა პამვას მოწაფემ ალექსანდრიაში, დიდ ეკლესიაში მოისმინა ტროპარების გალობა და აღფრთოვანდა. ალექსანდრიული გალობა ძალიან განსხვავდებოდა მონასტრული მონოტონური გალობისგან. არადა, ამბა პამვამ აკრძალა “ქალაქური”, ალექსანდრიული გალობა. როგორც ჩანს, ალექსანდრიის ჰიმნოგრაფიაში გარკვეული ცვლილებები შეჰქონდათ. სწორედ ამ სიახლეებმა გამოიწვიეს ღირსი კასიანე რომაელის გაოცება. ლე კლერკი კიდევ ერთ ფაქტს იმოწმებს სამონასტრო ცხოვრებიდან: სენაკებში კანონის შესრულებისას მგალობელ ბერებს ეშმაკი იოლად აცდუნებს უფრო მოდულირებული, მაღალფარდოვანი, ძნელსაცნაური, მაგრამ ამავე დროს მისი სიმშვიდისა და, შესაბამისად, სულის ხსნისთვის საშიში საერო გალობით. სამართლიანია კრუმბახერის მოსაზრება, რომ იმ პერიოდის ჰიმნოგრაფიაში გამოირჩეოდა ორი მიმართულება: კონსერვატიული და უფრო შემოქმედებითი. მკვლევარი თავისი შეხედულების დადასტურებას ხედავს უფრო ადრინდელი ხანის (370წ.) ანტიოქიის კრების დადგენილებებში, რომლებიც კრძალავდა ახალი საგალობლების შედგენას. კრუმბახერი წერს: “ახალი საგალობლების გალობა სულის ცხოვნებისთვის სახიფათო ფუფუნება იყო.”

იმპერატორი იუსტინიანე (527-565), გადმოცემის თანახმად, ავტორია ჰიმნისა “მხოლოდშობილი ძე და სიტყვა ღმრთისა”, რომელმაც ლიტურგიაში მყარი ადგილი დაიჭირა. ეს გამოიწვია არა მარტო შემთხზველის ავტორიტეტმა, არამედ იმანაც, რომ აღნიშუული საგალობელი ერეტიკოსების წინააღმდეგ მიმართული, სარწმუნოების ერთგვარი სიმბოლოა. რომანოზ მელოდოსი სამართლიანად მიიჩნევა “ბიზანტიის უდიდეს პოეტად” (კრუმბახერი). მას ბუვი “რიტმული პოეზიის პინდარეს” უწოდებს. რომანოზს საკმაოდ ტრაგიკული ბედი ჰქონდა. ქმნიდა რა სავსებით განსხვავებულ საგალობლებს, გამოირჩეოდა წარმოუდგენელი ნაყოფიერებით, მაგრამ მერე იძულებული გახდა თავისი ადგილი დაეთმო ჰიმნოგრაფიაში სრულიად განსხვავებული სახის საგალობლებისთვის, კანონებისთვის. მისი სახელიც კი დაივიწყეს. სავარაუდოდ, ეს მოვლენა გამოიწვია იმან, რომ მდარე გემოვნებიანმა მრევლმა კანონები უფრო შეიყვარა, ვიდრე შთაგონებული, ნატიფი, მაგრამ რთული კონდაკიონები. ყოველ შემთხვევაში, ძალიან სამწუხაროა ისტორიული ბედი რომანოზ მელოდოსისა. მართალია, პიტრას აღმოჩენების, მაასის, კრისტის, მიტროპოლიტ სოფრონ ევსტრატიადისისა და სხვათა გამოკვლევების შედეგად იგი, ასე ვთქვათ, მოდაში შემოვიდა და მისით უფრო და უფრო ინტერესდებიან, მაგრამ ეს ეხება სამეცნიერო წრეებს. ეკლესია კი მის უკვდავ კონდაკიონებს, სამწუხაროდ, აღარ იყენებს.

ისტორიული ცნობები რომანოზის შესახებ საკმაოდ მცირეა. ვიცით მხოლოდ ის, რომ იყო სირიიდან, ქალაქ მისიანიდან. მისი სტილი და ბერძნულის ზედმწიევნითი ცოდნა გვაფიქრებინებს, რომ ეროვნებით ბერძენი იყო. საინტერესოა მელოდოსის პოეტური მოღვაწეობის ხანა. ცნობილია, რომ იგი იყო პრესვიტერი კონსტანტინოპოლის ღვთისმშობლის ეკლესიაში, სადაც დიაკვნად მივიდა ანასტასის იმპერატორობის დროს. ისტორიაში ამ სახელით ცნობილია ორი იმპერატორი. საინტერესოა, რომლის მეფობის დროს მოღვაწეობდა რომანოზი? მკვლევართა ნაწილი (კრისტი, ფუნკი, იაკობი, ლე კლერკი) მიიჩნევს, რომ იგი მოღვაწეობდა ანასტასის II არტემოისის (713-716) დროს. ბუვი მიიჩნევს, რომ რომანოზი სამწერლო ასპარეზზე გამოვიდა ორივე სეხნია იმპერატორის მეფობათა შორის პერიოდში. მეცნიერთა კიდევ ერთმა ნაწილმა (პიტრა, სტევენსონი, ვასილევსკი, კრუმბახერი, ევსტრატიადისი) შეისწავლა კონდაკიონებისა და სხვა ნაწარმოებთა შინაარსი და ენობრივი თავისებურებები. ეს მეცნიერები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ რომანოზ მელოდოსი მოღვაწეობდა ანასტასი I-ის (491-518) დროს. პიტრას მიერ კონდაკიონების დიდი კრებულებისა და რომანოზის სხვა პოემების აღმოჩენამდე, მელოდოსს მიიჩნევდნენ შობის კონდაკიონის “ქალწული დღეს შობს” და კიდევ რამდენიმე საგალობლის ავტორად. პიტრასა და კრუმბახერის შრომებმა გამოავლინა, რომ რომანოზს გაცილებით მეტი საგალობელი ეკუთვნის. აღსანიშნავია ის დიდი შრომა, რომელიც მიტროპოლიტმა სოფრონ ევსტრატიადისმა გასწია ათონის, მიუნხენის, ვენის, ვატიკანისა და სხვა წიგნთსაცავებში და აღმოაჩინა რომანოზის აქამდე უცნობი კონდაკიონები და სხვა ჰიმნები. ევსტრატიადისის ნაშრომებმა მისი შემოქმედების ბევრ ასპექტს მოჰფინა ნათელი. კერძოდ იმას, თუ რითია გამოწვეული მის საგალობლებში გარკვეული მეტრული ანომალიები. გაირკვა, რადგან რომანოზი პოეტიც იყო და მუსიკოსიც, მისი საგალობლები ემორჩილებოდნენ როგორც მეტრიკის, ასევე მელოდიურ მუსიკალურ ნორმებს.

პროფესორი მირკოვიჩი რომანოზის შემოქმედების შესახებ წერს: “მის სიტყვათა რიტმში იგრძნობა, თუ როგორ ძგერს მისი გული, სავსე სიწმინდის ზმანებით. ერთგვაროვან მასალაში პოეტი სულ ახალ და ახალ მხარეებს ხედავს, რომელსაც უგალობს და წარმოაჩენს სიკეთისა და სიწმინდის მშვენეირებას. მისი სიტყვები ჰგავს იმ წვეთებს, რომლებიც უძირო წყაროდან წვეთავს. მისი საგალობლები სრულყოფილებაა – პლასტიურია, სავსეა შინაარსით და შეუძლია მსმენელის სულის აღმაფრენა გამოიწვიოს, გრძნობათა სიღრმითა და ამაღლებული ენით კი ჯაბნის სხვა მგალობლებს. ბერძნულმა საეკლესიო პოეზიამ მისი სახით სრულყოფილება პოვა”.

გადმოცემის თანახმად, რომანოზს ეკუთვნის 1000 კონდაკიონი. რა თქმა უნდა, ეს რაოდენობა გადაჭარბებულია. კარდინალმა პიტრამ სხვადასხვა ხელნაწერში აღმოაჩინა ოცდაათამდე კონდაკიონი მელოდოსის ავტორობით, ამჟამად საღვთისმსახურო წიგნებში შემორჩენილია შობის კონდაკიონი იკოსით; შეიძლება ვივარაუდოთ, რომ დიდი დღესასწაულებისადმი მიძღვნილი კონდაკიონები იკოსებითურთ ეკუთვნის რომანოზის კალამს. გარდა ამისა, მის სახელს უკავშირდება 20 დეკემბრის “ცისკრის სტიქარონებიც”. სოფრონ ევსტრატიადისის აზრით, კიდევ არაერთი კონდაკიონი ანდა კონდაკიონთა ცალკეული სტროფია შემორჩენილი ნაბეჭდ საღვთისმეტყველო წიგნებში, მაგალითად, “საფლავსა შენსა…”. სოფრონ ევსტრატიადისის მოსაზრება ეფუძნება იმ საგალობელთა აკროსტიქებსა და ხელნაწერთა მინაწერებს, რომლებიც მან შეისწავლა ბერძნულ მონასტრებსა და ევროპულ წიგნთსაცავებში.

წმინდა სოფრონ იერუსალიმელი (+638) ცნობილია მონოთელიტებთან ბრძოლით, იგი საეკლესიო პოეზიის ისტორიაში შევიდა როგორც საუფლო დღესასწაულების – ქრისტეშობისა და დიდი ხუთშაბათის თვითავაჯების, დიდი აიაზმის სტიქარონების და წყალკურთხევის ლოცვის ავტორი.

ბერძნული საღვთისმსახურო წიგნები მას მიაწერენ წყალკურთხევის მთელ განგებას, რაც საეჭვოდ გვეჩვენება. კრისტისა და პარანიკასის შრომებმა ისიც დაადასტურა, რომ სოფრონს არ ეკუთვნის მთელი რიგი კანონები და სამსაგალობლები, რომლებიც ადრე მას მიეწერებოდა. ისინი იოსებ მგალობელს უნდა მივაკუთვნოთ. შესაძლებელია, სოფრონმა მიიღო მონაწილეობა წმ. საბა იერუსალიმელის ტიპიკონის რედაქტირებაში, მაგრამ მთლიანად თვითონ კი არ შეადგინა, როგორც ეს ადრე იყო მიჩნეული.

მესამე პერიოდი – კანონების დამკვიდრება (VIII საუკუნიდან)

ამ პერიოდში გამოჩნდა ლიტურგიკული პოეზიის ახალი ფორმა – კანონი. გარდა ამისა, იმდროინდელმა პოეტებმა შექმნეს არაერთი სტიქარონი და ტროპარი. პირველი, ვინც დაიწყო კანონების შედგენა, იყო წმინდა ანდრია კრეტელი. მანამდე კანონი სრული სახით არ იყო, მერვე და მეცხრე აუცილებელ გალობას ახლდა რომელიმე სხვა გალობა. კანონის შედგენა, როგორც ბიბლიური ოდების დამატებისა და განვითარებისა, უცხო იყო ეკლესიისთვის. ყოველ შემთხვევაში, სწორედ ანდრია კრეტელის სახელს უკავშირდება ახალი სახის საგალობლის შედგენა. უნდა ითქვას ისიც, რომ მისი კანონები შესანიშნავია შინაარსითაც და ამ შინაარსთან კანონის ფორმების მისადაგების თვალსაზრისითაც.

ამ პერიოდში ჩვეულებრივ გამოყოფენ მგალობელთა სამ სკოლას: საბაწმინდურს, სტუდიურსა და იტალო-ბერძნულს. თუმცა არსებობენ ისეთი პოეტებიც, რომლებიც არც ერთ სკოლას არ მიეკუთვნებიან.

პირველი, საბაწმინდური სკოლა უკავშირდება წმ. საბა განწმენდილის მონასტერს, მის განთქმულ ტიპიკონს. მეორე, სტუდიური სკოლა უკავშირდება კონსტანტინეპოლში არსებულ წმინდა თეოდორე სტუდიელის სახელგანთქმულ მონასტერსა და მის ტიპიკონს, ხატთაყვანისცემის გარშემო ატეხილ ბრძოლას. იტალო-ბერძნულ სკოლას მიეკუთვნებიან დიდ საბერძნეთში, მეტწილად სირაკუზის მახლობლად მოღვაწე პოეტები.

დაწერილი ნაწარმოებების შინაარსისა და ფორმის მიხედვით, სტუდიელები ცნობილი არიან როგორც ავტორები ასკეტიკურ-მორალური საგალობლებისა, მარხვის ციკლის სამსაგალობლებისა, სხვადასხვა ტროპარისა და კათიზმისა, ჯვრისა და ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი საგალობლისა. საბაწმინდელებს ძირითადად დიდი დღესასწაულებისა და მათი წინადღესასწაულების კანონები და სტიქარონები ეკუთვნით. ამასთან ზოგი ავტორი ხაზს უსვამს მოვლენათა დოგმატურ-განყენებულ მხარეს, ზოგი კი წარმოაჩენს მათ შინაგან-სუბიექტურ მხარეს.

საბაწმინდური სკოლა

პირველ ადგილზე დგას წმინდა ანდრია კრეტელი (670-726), რომლის კალამსაც ეკუთვნის:

დიდი კანონი, რომელიც სრულდება დიდი მარხვის პირველ ოთხ დღეს და მარხვის მეხუთე კვირის ხუთშაბათის ცისკარზე. კანონი 250 ტროპარისაგან შედგება და ამიტომაც ეწოდება დიდი კანონი. ანდრია კრეტელის ეს ყველაზე ცნობილი ნაწარმოები მსოფლიო ლიტერატურის შედევრია.

ბზობის კვირის მწუხრის სამსაგალობლები, ასევე ვნების კვირის პირველი ოთხი დღის სამსაგალობლები.

ლაზარს შაბათის, მენელსაცხებლე დედათა კვირის, ღვთისმშობლის შობის, იოანე ნათლისმცემლის კანონები.

შობის, ჯვრის ამაღლების, მირქმის, პეტრე-პავლობისა და ანდრია პირველწოდებულის თვითავაჯი სტიქარონები.

არანაკლებ ცნობილი პოეტია წმინდა იოანე დამასკელი (+745), რომლის შემოქმედებითი მემკვიდრეობა ანდრიასაზე დიდია, ხოლო კანონები – ანდრია კრეტელის კანონებზე მოკლე, იგი ვერ იცავს ტროპარების რაოდენობას საგალობლებში, ამასთან შორდება ბიბლიურ თემებსაც, უფრო თავისუფალია გამოთქმებში, რომელთაც ხშირად სესხულობს გრიგოლ ღვთისმეტყველის თხზულებებიდან და უპირატესობას ანიჭებს კლასიკური პოეზიის ფორმას. იოანე დამასკელს ეკუთვნის იამბიკური ტრიმეტრით გაწყობილი სამი ცნობილი კანონი, ძალიან მაღალფარდოვანი და ძნელად გასაგები ენით ნაწერი. რა თქმა უნდა, არ შეიძლება მთელი ოქტოიხოსის მისთვის მიკუთვნება, როგორც ამას ადრე აკეთებდნენ, რადგან, ჯერ ერთი, ზოგი საგალობლის მინაწერი სხვას ასახელებს ავტორად, მეორეც, ოკტოიხოსის სტილი ყველგან ერთი არ არის. დამასკელს ეკუთვნის ქრისტეშობის, განცხადების, მარტვილიის (პენტიკოსტის) კანონები. ასევე აღდგომის, ამაღლების, ფერისცვალების, ხარების, მიძინების, ბასილი დიდის, გრიგოლ ნოსელის, იპოლიტეს, ეპიფანეს, იოანე ოქროპირის და მრავალი წმინდანის, მათ შორის ღირსი რომანოზ მელოდოსის კანონები.

მაიუმის ეპისკოპოს კოზმა იერუსალიმელს (გარდაიცვალა 743 წ.) ეკუთვნის შემდეგი კანონები: ღვთისმშობლის მიძინების, ქრისტეშობის, ჯვრის ამაღლების, ფერისცვალების, იერუსალიმში მაცხოვრის დიდებით შესვლის (საერთოდ, იოანე დამასკელი და კოზმა იერუსალიმელი დიდ დღესასწაულებზე კანონებს ისე წერდნენ, რომ ერთმანეთს ავსებდნენ). კოზმა იერუსალიმელს ეკუთვნის ასევე ვნების კვირის ორშაბათის, სამშაბათის და ოთხშაბათის სამსაგალობლები, დიდი ოთხშაბათის კანონი, დიდი შაბათის ოთხსაგალობელი, რომელიც მოგვიანებით ცხრაოდიანი კანონის მოცულობამდე გაიზარდა, წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის, იოსებ დამწინდველის, დავით მეფის, წმინდა დიდმოწამე გიორგისა და სხვა წმინდანთა კანონები.

წმინდა სტეფანე საბაწმინდელს (VIIIს.) ეკუთვნის მაცხოვრის წინადაცვეთის, წმინდა კვირიკე განდგომილისა და წმინდა საბას მონასტერში დამწვარ მამათა კანონები.

სტუდიელების სკოლა

V საუკუნეში რომაელმა პატრიცმა სტუდიოსმა კონსტანტინეპოლში დააარსა მონასტერი, რომელიც იქცა სულიერი ცხოვრების ცენტრად და განსაკუთრებით გაითქვა სახელი ხატმებრძოლობის დროს. ყველაზე მეტად ცნობილია ამ მონასტრის იღუმენი წმინდა თეოდორე (+826). გადმოცემის თანახმად, მან შეადგინა მარხვანი. ძნელი სათქმელია, რამდენად სარწმუნოა ეს ცნობა. ყოველ შემთხვევაში, მარხვის ციკლის რამდენიმე კანონი და სამსაგალობელი მართლაც თეოდორეს ეკუთვნის. მაგალითად, ხორციელის შაბათისა და ყველიერის შაბათის კანონები, რომლებიც მეორე გალობას (მოიხილესას) შეიცავს, ასევე მას ეკუთვნის ხორციელის კვირის კანონი, დიდი მარხვის მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე შაბათის ოთხსაგალობლები და მარხვის ციკლის 35 სამსაგალობელი. გარდა ამისა, წმინდა თეოდორე სახელდება სხვადასხვა საღვთისმსახურო წიგნში მოთავსებული მრავალი სტიქარონის ავტორადაც.

სტუდიური მიმართულების თავისებურებაა ღვთისმშობლისების არსებობა ისეთ კანონებში, რომლებსაც იგი არ ჰქონდა, განსაკუთრებით კი წლის ყოველ ოთხშაბათსა და პარასკევს ჯვარღვთისმშობლისას გალობა.

ამავე სკოლის წარმომადგენელია იოსებ სტუდიელი აღმსარებელი (+830), სოლუნელი მთავარეპისკოპოსი და ძმა წმინდა თეოდორესი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო მარხვანის შევსებაში. მას მიაწერენ უძღები შვილის კვირის კანონის, დიდი მარხვის კვირების ოთხსაგალობლებისა და ყველიერის კვირის სამსაგალობლების შედგენას.

ამავე პერიოდის და ასევე სტუდიური სკოლის მოღვაწეა წმინდა თეოფანე აღმწერელი “გრაპტოსი”, აღმსარებელი და ნიკეის მიტროპოლიტი (გარდაიცვალა 843 წლის შემდეგ). მის კალამს ეკუთვნის ასზე მეტი კანონი, მათ შორის მარტვილიის წინა დღის, მართლმადიდებლობის კვირის კანონები, ლაზარეს შაბათის კანონის ნაწილი, ასევე მრავალი წმინდანისადმი მიძღვნილი კანონი თუ სტიქარონი.

იტალო-ბერძნული სკოლა

საეკლესიო პოეზიის იტალო-ბერძნული სკოლა განვითარდა დიდ საბერძნეთში (Magna Graecia) – სამხრეთ იტალიის, კალაბრიისა და სიცილიის მხარეში და სახელი გაითქვა ხატმებრძოლობის დროს, თუმცა რამდენიმე მოღვაწე მანამდეც იყო ცნობილი, მაგალითად, სიცილიაში დაბადებული სირაკუზის ეპისკოპოსი გიორგი (გარდაიცვალა დაახლოებით 669 წ.), რის გამოც ზოგჯერ სიკელიოტს უწოდებენ. მას ეკუთვნის წმინდა დიმიტრი სოლუნელის, იაკობ სპარსისა და პორფირი ღაზელისადმი მიძღვნილი კანონები.

ამ სკოლის წარმომადგენელთაგან ყველაზე ცნობილი გახდა წმინდა იოსებ ჰიმნოგრაფი (+983). მას ჰიმნოგრაფს უწოდებენ იმიტომ, რომ მელოდოსებისგან განსხვავებით, რომლებიც საგალობლების ტექსტთან ერთად მელოდიასაც ქმნიდნენ, იგი მხოლოდ ტექსტს წერდა. ჰიმნოგრაფები უკვე არსებულ კილოებზე წერდნენ საგალობლებს. იოსებ ჰიმნოგრაფი ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერი შემოქმედია. მან შეადგინა კვირის სადაგი დღეების ყველა ე.ი. 48 კანონი, რომლებიც შესულია ოკტოიხოსში, მარხვის ციკლის 30 სამსაგალობელი, აღდგომის კანონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი ტროპარები, ამაღლებისა და სამარიელის კვირის კანონები, მირქმის წინადღესასწაულის, ქრისტეშობის, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის, მიძინებისა და ტაძრად მიყვანების, ჯვართამაღლების წინადღესასწაულის კანონები. ამ ავტორს სულ 175 კანონს, 30 სამსაგალობელს, 6 ოთხსაგალობელს, მთლიანად 211 საგალობელს მიაწერენ. მან და თეოფანე აღმწერელმა შეავსეს ოკტოიხოსი და იმ სახემდე მიიყვანეს, როგორიც დღეს აქვს. იოსები უკანასკნელია იმ შესანიშნავ ჰიმნოგრაფებს შორის, რომლებიც კანონებს წერდნენ.

ბერძნული საეკლესიო პოეზიის სხვა ავტორები

ბერძნული ჰიმნოგრაფიის უკანასკნელი პერიოდის საკმაოდ ბევრმა ავტორმა, რომლებიც არ იყვნენ ზემონახსენები სამი სკოლის წარმომადგენლები, კვალი დატოვა ღვთისმსახურების ისტორიაში. დავასახელებთ რამდენიმე მათგანს. ფოტი პატრიარქის მოწაფე, იმპერატორი ლეონ ბრძენი (+911) თავისი დროის ცნობილი საეკლესიო ორატორი და პოეტი იყო. მან შეადგინა კვირის დღეების ცისკარზე შესასრულებელი 11 სახარების სტიქარონი, რომლებიც ცისკრის სახარების პარაფრაზირებას ახდენდნენ. ასევე დაწერა სტიქარონები ლაზარს შაბათისა, 16 აგვისტოსი და სხვა. მისი საუკეთესო ნაწარმოებია “მოვედით, თაყვანის ვსცემდეთ სამებასა ერთარსებასა”.

სვიმონ მეტაფრასტი (+970) ავტორია წმინდა მარიამ მეგვიპტელის კანონისა და დიდი ხუთშაბათის მწუხრზე საკითხავი “ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გოდების” შესანიშნავი კანონისა. მანვე დაწერა ზიარებისწინა რმდენიმე ლოცვა.

კონსტანტინეპოლის პატრიარქმა ფილოთეოსმა (+1376) შეადგინა წმინდა დიდმოწამე დიმიტრის კანონი და წმინდა გრიგოლ პალამას განგება. სწორედ ფილოთეოსმა დააწესა “ისიხასტთა” (დაყუდებულთა) მფარველი წმინდანის დღესასწაული. ასევე დაწერა საყოველთაო  უბედურების ჟამს წასაკითხი რამდენიმე ლოცვა. მან დიდი სამუშაო ჩაატარა ბიზანტიური ლიტურგიკის მოსაწესრიგებლად.

აღმოსავლური მართლმადიდებლური ჰიმნოგრაფიის ისტორია ამით არ თავდება. ეკლესია განაგრძობს არსებობას, იქმნება სხვადასხვა წმინდანის განგებები, მაგრამ მხოლოდ უკვე არსებული ტრაფარეტის მიხედვით. ისე რომ, არაფერია ახალი არც ფორმისა და არც შინაარსის მიხედვით. ამ მოვლენამ თავი იჩინა ჯერ კიდევ იოსებ ჰიმნოგრაფის დროიდან, მას შემდეგ, რაც პოეტური და მუსიკალური ხელოვნება ერთმანეთს საბოლოოდ გაემიჯნა.

ჰიმნოგრაფიის ისტორიის ძირითადი დასკვნები

ეკლესია ცოცხლობს და ვითარდება ისე, რომ არ იცვლება მისი ღვთაებრივი ბუნება. საღვთისმსახურო განგების განვითარებამ და წმინდანთა და გამოცხადებულ ხატთა დღესასწაულების რაოდენობის გაზრდამ გამოაჩინა არაერთი ღირსეული შემოქმედი. ჰიმნოგრაფიული ნაწარმოებების ყველა ფორმა ერთბაშად არ გაჩენილა. გამოვყოფთ ძირითად სახეებს:

1. ტროპარი არის ყველაზე მოკლე საგალობელი, რომელიც ადიდებს მოვლენის ძირითად არსს. მისგან კილოთი განსხვავებული, მაგრამ შინაარსითა და პოეტური ფორმით მსგავსია კათიზმები, იბაკონი და სტიქარონები. ამ უკანასკნელთ თავისი კილო აქვს, მაგრამ ხშირად მოიხსენება, როგორც “უფალო ღაღადვყავსას ზედა” დასდებლები.

2. კლასიკური ფორმის კონდაკიონი არის შესხმის უფრო გავრცობილი ფორმა. ჰიმნოგრაფი სხვადასხვა მოცულობის 24 სტროფში ადიდებს დღესასწაულს, ავითარებს მოვლენის ამა თუ იმ მხარეს, უღრმავდება საღვთისმეტყველო საკითხებს, შთაგონებული თვითონაც ავითარებს თეოლოგიურ მოსაზრებებს. ეს მოითხოვდა დიდ პოეტურ ნიჭს, შთაგონებასა და საღვთისმეტყველო გამოცდილებას.

3. კანონი, მართალია, კონდაკიონის მსგავსად არ არის შეზღუდული ფორმის სიმცირით, მაგრამ გარკვეული შეზღუდვები მაინც აქვს. საგალობლის ეს სახე მოითხოვს მასში შესხმული ამა თუ იმ მოვლენის დაკავშირებას ძველი აღთქმის იმ მოვლენებთან, რომლებიც კანონის ქსოვილის შემადგენელ ბიბლიურ ოდებშია ნახსენები. ყველა შემთხვევაში, უნდა მოინახოს კავშირი მიძინებასა და ებრაელთა მიერ მეწამული ზღვის გადალახვას შორის კანონის I ოდისთვის, III გალობაში – სამუელის დედის, ანას ლოცვასთან, VI გალოაბში – იონა წინასწარემტყველთან და ა.შ. კანონთა პირველი შემოქმედი ანდრია კრეტელი ეძიებდა და პოულობდა ამ საერთოს ყველა საგალობლისათვის. მისი “დიდი კანონის” ტროპარების რაოდენობა ბიბლიის ყველა საგალობლის რაოდენობას ემთხვევა. თუმცა მალე ჰიმნოგრაფები მიხვდნენ, რომ მუდმივად ამ კავშირის მონახვა შეუძლებელია. ამიტომ. ტროპართა რაოდენობა საგალობლებში შეამცირეს, პირდაპირი სიმბოლური კავშირი შეცვალა სიტყვათა თამაშმა, ხან კი არც თუ დამაჯერებელმა შედარებებმა. შემდეგ ამაზეც უარი თქვეს და ტროპარები გალობის თემასთან ყოველგვარი კავშირის გარეშე ადიდებენ იმ დღის წმინდანს. შეიძლება მაგალითების მოყვანა, როცა ტროპარს შეუძლია დაიკავოს ადგილი არა მარტო მოცემულ, მაგალითად, პირველ ოდაში, არამედ მეხუთეშიც, მეექვსეშიც და ასე შემდეგ. ეს მოვლენა დაკავშირებულია იმასთანააც, რომ ბიბლიური გალობები აღარ სრულდებოდა. ის კი არადა, ხშირად ძლისპირებსა და ბიბლიურ საგალობლებს შორისაც არ არის შინაარსობრივი კავშირი.

4. მოცულობის მხრივ დაუჯდომელი კონდაკიონს უახლოვდება. მასში 24 სტროფია, აქედან 12 შედარებით მოკლეა, რეფრენით “ალილუია”, ხოლო უფრო გრძელ 12 სტროფს ის განსაკუთრებული რეფრენები აქვს, რომლებიც პირველი “კონდაკიონის” მისამღერს შეესაბამება. კონდაკიონისგან განსხვავებით აკათისტო ანუ დაუჯდომელი მოვლენის ან წმინდანის შესახებ ვრცლად არ მსჯელობს. იგი მოცემული “იკოსის” მოკლე შესავალ ფრაზას უმატებს “გიხაროდენებს”. იშვიათად, რომ ეს “ქებანი” თორმეტამდე ავიდეს. ეტყობა, ავტორებს წარმოსახვა აღარ ყოფნით ხოლმე. ბოლო დროის დაუჯდომლებში უხვად გვხვდება გეოგრაფიული და თავადთა, პატრიარქთა, თუ სხვათა სახელები. ასევე ადრეულ დაუჯდომლებში გამოყენებული სახეებისა და სადიდებლების გამეორება ხდება. მეთვრამეტე საუკუნის აკათისტოები უნიატურ ელფერსაც კი იძენს.

ეორტოლოგია

ეორტოლოგია – ლიტურგიკის ის ნაწილია, რომელიც საეკლესიო დღესასწაულებს მოიცავს. ღვთისმსახურების ამ სფეროს მრავალი საინტერესო საკითხი უკავშირდება. განსაკუთრებით კი – დღესასწაულის წარმოშობა და მისი ქრისტიანული შინაარსი, ამავე დროს მისი დამკვდირება პირველი საუკუნეების ქრისტიანულ სინამდვილეში. აქვე აღსანიშნავია კალენდრის ჩამოყალიბებაზე ძველი აღთქმისეული მსახურების გავლენა და განვითარების ისტორია.

დღესასწაულთა თანმიმდევრული განვითარება

საეკლესიო წელიწადის სტრუქტურა ნათლად ასახავს, როგორი მდიდარია იგი დღესასწაულებით და რამდენადაა განვითარებული ეკლესიის ლიტურგიკული პრაქტიკა. ამ თვალსაზრისით საეკლესიო კალენდრის თანამედროვე სახე მკვეთრად განსხვავდება ადრექრისტიანულისაგან. ერთი მხრივ, ქრისტე, რომელსაც არ დაუწესებია არც ერთი დღესასწაული, მეორე მხრივ კი, თანამედროვე კალენდარი და ტიპიკონი. ერთი მხრივ, ქრისტე, რომელმაც თავის მოციქულებს ერთადერთი ლოცვა “მამაო ჩვენო” დაუწესა და მეორე მხრივ, უმდიდრესი ლიტურგიკული წიგნები და შესანიშნავი ჰიმნოგრაფიული რეპერტუარი… ერთი მხრივ, მოციქულთა რიტუალური უბრალოება, პრიმიტიული მსახურება, რაც “დიდაქესა” და იუსტინე ფილოსოფოსს აქვს აღწერილი, მეორე მხრივ კი, თანამედროვე მსახურების მრავალფეროვნება.

უნდა გვახსოვდეს, რომ ეკლესია განკაცებული ღმერთის მისტიკური სხეულია. იგი თავისი ღვთაებრივი არსით უცვლელია. თუმცა კი, ისტორიული მოვლენების მიხედვით, ცვალებადია! განხორციელებული უფლის (იესო ქრისტეს) მსგავსად, რომელმაც ადამიანური განვითარების ყველა ეტაპი გაიარა და არ შეცვლილა მისი მარადიული ღვთაებრიობა, ეკლესიამაც გაიარა და გადის ისტორიული განვითარების საფეხურებს. იზრდება ეკლესიის ადამიანური შემეცნება, მის წიაღში ახალი დოგმატური ჭეშმარიტებები იხსნება, იცვლება კანონიკური ნორმები, ვითარდება ლოცვის გამოცდილება. იქმნება ახალი ლოცვები და ერთვება მსახურებაში, ჩნდებიან ახალი წმინდანები, იწერება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ახალი ხატები, აღესრულება სასწაულები – ყოველივე ეს კი უდავოდ აისახება ეკლესიის ლიტურგიკულ პრაქტიკაში. ეკლესიისათვის დღესასწაულები ისევეა, როგორც ერთფეროვანი ქვისთვის ფერადი წახნაგები. სწორედ ამიტომ მოციქულთა ეპოქიდან საუკუნეთა განმავლობაში მარტივმა ეკლესიამ განვითარების რთული გზა გაიარა. ეს გზა კი არის არა “მოციქულთა პირველყოფილი სისუფთავის დანაგვიანება”, როგორც წერდნენ რენანი, ტოლსტოი და ამტკიცებდა ტიუბინგენის კრიტიციზმი, არამედ პირიქით, მეტყველებს ეკლესიის მდიდარ გამოცდილებაზე, რომელიც მისტიკური სულით არის გაჯერებული. ჭეშმარიტი სული ეკლესიას მარადიულად ავსებს, მისი ქარიზმატული ბუნება არ შეცვლილა, ეკლესიის შემოქმედება გრძელდება და გაგრძელდება ვიდრე უკუნისამდე.

გავიმეორებ ზემოთ ნათქვამს, ქრისტიანობა დაიბადა ებრაულ ძველაღთქმისეულ სამყაროში, რომლის გათვალისწინების გარეშეც ძნელია ნათლად წარმოიდგინო ლიტურგიკის განვითარების პროცესი.

საეკლესიო დღესასწაულებზე ღვთისმსახურების ციკლი შემდეგ ნაწილებად იყოფა:

სადღეღამისო;

კვირეული (შვიდეულების);

წლიური.

 

ა) სადღეღამისო ციკლის განვითარება

ამ ციკლში ყველაზე მეტად შეინიშნება ძველი აღთქმის ტრადიციის გავლენა. მოციქულთა პერიოდიდან, მოციქულთა აქტების მიხედვით, მე-3, მე-6, მე-9 ჟამების მსახურება უკვე არსებობდა. პლინიუს უმცროსის თხრობის თანახმად, ქრისტიანები ცისკრის მსახურებაზე გალობდნენ ქრისტესადმი მიძღვნილ ჰიმნებს. “დიდაქეში” მითითებულია “მამაო ჩვენოს” დღეში სამჯერ წაკითხვის შესახებ. “დიდაქევე” აღწერს “აღაპებს”, ე.წ. სიყვარულის სერობას, რომელთაც უკვე მოციქულები ახსენებენ (I კორ. 11, 18-29). ლუკიანე სამოსელი კიცხავს ქრისტიანებს ამგვარი “საზეიმო სერობისათვის”. სავარაუდოა, რომ პირველი საუკუნის ბოლოსათვის სინაგოგას გამოეყო ქრისტიანული მსახურება. მნიშვნელოვანია, აგრეთვე არსებობდა თუ არა კურთხევის ეს ლიტურგიკული დოქსოლოგიური ფორმა: “ხოლო აწ ესერა ჰგიეს: სარწმუნოება, სასოება და სიყუარული” (II კორ. 13,13), თუ რაიმე სხვა. ლიტურგიკის ისტორიის ზოგიერთი მკვლევარი (მაგ., ტურის ეპისკოპოსი ფრირი), მიიჩნევს, რომ მთელი ევქარისტიული კანონი დროთა განმავლობაში თანდათან ამგვარი ფორმულით განვითარდა. ამ მოსაზრებას ვეთანხმებით.

II საუკუნის მეორე ნახევარში ქრისტიანთა ლიტურგიაში შესამჩნევია შემდეგი ცვლილებები: მსახურება აღაპებს გამოეყო და დილის საათებში გადაინაცვლა. ფილოსოფოსი იუსტინე საუბრობს უკვე ღვთისმსახურებაზე და არა უბრალოდ “საუფლო მწუხრზე”. იგი განარჩევს ჩვეულებრივ ლიტურგიას “მზის დღეს”, ანუ კვირა დღეს, “ნათლობის ლიტურგიისაგან”, რომელიც კათაკმეველთა საყოველთაო ნათლობისას სრულდება. თანდათან მტკიცდება ანტიფონური გალობა, მასთან ერთად წმინდა წერილის კითხვაც. ფსევდო ბარნაბას ეპისტოლე მიუთითებს, რომ ადრეულ ქრისტიანთა მსახურებაში არსებობდა ქადაგება, რაც სინაგოგაში სჯულისა და წინასწარმეტყველთა წიგნების კითხვის მემკვდირეობა უნდა იყოს.

III საუკუნისათვის მწუხრის აღაპებმა საბოლოოდ გადაინაცვლა დილით, ეს განგება ტერტულიანესთან დასტურდება. ორიგენე მოსახსენიებელ ტრაპეზებს ახსენებს. ტერტულიანეს დროისათვის ცისკრის მსახურება მნიშვნელოვნად განვითარდა. იგი მიუთითებს მოგვიანებით ჩამოყალიბებულ “ეკტენიის” ჩანასახებზე. ამავე ეპოქის ძეგლები აღნიშნავენ შუაღამის, ცისკრის მსახურებებს, რასაც სკაბალანოვიჩი “კელიის წესს” უწოდებს. ამავე პერიოდში ცნობილია უკვე მწუხრისა და ცისკრის ფსალმუნები.

მომდევნო საუკუნეებში (IV-V) სადღეღამისო ციკლში გარკვეული ცვლილებები შეინიშნება: ქრება აღაპები. IV ს-ის პირველი ნახევრის კრებები მათ ჯერ კიდევ იცავენ, მაგრამ ლაოდიკიის (360წ.) კრება კრძალავს. აქედან მომდინარეობს მწუხრის განგების შეცვლა და ლიტურგიის დილით ჩატარებაც. მოციქულთა დადგენილების მიხედვით, მწუხრი შეიცავს ფსალმუნს “უფალო ღაღადყავსას”, საგალობელს “აწ განუტევე”, კათაკმეველთა ეკტენიას, ცისკარი – 62-ე ფსალმუნს, როგორც მომავალი “ექვსფსალმუნის” ჩანასახს, მღვდლის ან ეპისკოპოსის ლოცვებს.

უფრო მეტი სიზუსტით გამოირჩევა IV ს-ის მოგზაურ ეგერის ჩანაწერები: “მწუხრზე სრულდება მრავალი კურთხევა, ეკტენია, ლოცვები, საკითხავები, რომელთა დროსაც მღვდელი ზის. ცისკარზე ანტიფონებს გალობენ”. სადღეღამისო ციკლში უმთავრესი ადგილი უკავია I ჟამს, ბასილი დიდისა და იოანე ოქროპირის თხზულებათა მიხედვით, ამ დროს უკვე არსებობდა ღამისთევის (აგრიპნია) მსახურებაც. ქალაქების წმინდა ადგილებზე სრულდებოდა ლიტანიები, შეიძლება მოწამეთა საფლავებზეც. ამ პერიოდში სამრევლოს გვერდით ფეხს იკიდებს სამონასტრო მსახურებაც, პალესტინისა და ეგვიპტის კინოვიური და ანაქორეტული წესი თავისებურ ელფერს მატებს ამ ეპოქის ღვთისმსახურებას.

VI-VIII საუკუნეები ლიტურგიკის ისტორიაში საკვანძო პერიოდია. ეს არის ეპოქა, როცა ყალიბდება მონასტრული მსახურების წესი. ტიპიკონის პირველი ფორმებიც ამ დროს ჩნდება. პალესტინაში წმ. საბას, ეფთვიმე დიდის, თეოდოსისა და სინაზე წმ. ნილოსის და სხვათა ტიპიკონები.

VII-VIII საუკუნეები საბა განწმენდილის ლავრაში საეკლესიო პოეზიის აყვავების, საბაწმინდური ჰიმნოგრაფიული სკოლის ჩამოყალიბებისა და აღორძინების ეპოქაა. იერუსალიმურ ღვთისმსახურების წესს საღამოდან დილამდე გაგრძელებული “ღამისთევა” შემოაქვს. სინას მთაზე ჩნდება ტროპარები “უფალო ღაღადყავსას ზედა”, სტიქარონები, კონდაკიონები და აგრეთვე ჰიმნოგრაფიული კანონები.

XI საუკუნისათვის უკვე დასრულდა სადღეღამისო მსახურების წესის ჩამოყალიბება თითქმის იმ სახით, როგორიც დღეს არის. ამ პერიოდიდან იქმნება 9-ოდიანი ჰიმნოგრაფიული კანონი, ხმარებიდან გადის კონდაკიონი, იქმნება სტიქარონთა მრავალფეროვანი რეპერტუარი, მაგალითად, კონსტანტინეპოლის ეკლესიასა და სალონიკში ცნობილი იყო ე.წ. “გალობით მსახურება”, რომელშიც ყველაფერი გალობით სრულდებოდა და არაფერი არ იკითხებოდა. IX ს-დან (ხატმებრძოლობის ეპოქის შემდგომ) მტკიცედ დამკვიდრდა სტუდიელთა მონასტრის ტიპიკონი და გავრცელდა არა მარტო კონსტანტინეპოლის მიმდებარე რეგიონში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.

 

ბ) კვირეული (შვიდეულების) ციკლი

ამ ციკლის მსახურებაში უპირველესად ყურადღებას იქცევს ცალკეული დღეების სახელწოდებები. უწინ სიტყვა “ერიაეს” დღესასწაულის მნიშვნელობა ჰქონდა, ხოლო მხ. რიცხვში “ერია” ქრისტიანებისთვის კვირის დღეს აღნიშნავდა. სირიულ-ბაბილონური ასტრონომიული შეხედულებების მიხედვით, დღეები რიგის მიხედვით იწოდებოდა: ერია, სეკუნდა, ტერტია და ა.შ. ისინი შეიცვალა კონკრეტული სახელებით: Lunae dies, Marti, Mercuri ect. იუსტინე აღდგომის დღეს “მზის დღეს” უწოდებს. ტერტულიანე კი მას Dies Ddominicas (უფლის დღეს) არქმევს.

აღდგომის დღის მნიშვნელობა ადრექრისტიანულ სამყაროში თავიდანვე განისაზღვრა. ეს ნიშნავდა უფლის აღდგომის გახსენებას ყოველ კვირა დღეს. 52 კვირის შემდეგ კვლავ დგებოდა თავად დღესასწაულის იუბილე. აი, სად არის ჩანასახი შვიდეულების მსახურებისა.

კაბროლი მიიჩნევს, რომ აღდგომის (კვირა) დღის აღნიშვნა ეკლესიის ჩასახვისთანავე დაიწყო, თორმეტი მოციქულის სხვადასხვა ქვეყანაში გასვლამდე. ამაზე ახალი აღთქმა მიუთითებს: “ერთშაბათად – ერთშაბათად კაცად – კაცადი თქუენი თუის თანა დაიკრებდინ…” (I კორ. 16,2). “და ერთსა მას შაბათსა შეკრებულ რაი იყვნეს მოწაფენი იგი განტეხად პურისა” (საქმე 20,7). აპოკალიფსში კვირა “უფლის დღედ” იწოდება.

ქეთევან ტატიშვილისა და
ეკატერინე დუღაშვილის თარგმანი

ჟურნალი ”არჩევანი”, N1, 2006 წ.

წყარო: http://library.church.ge/