დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ ქემერონი იმედს გამოთქვამს, რომ ევროკავშირიდან გასვლის შესახებ მოლაპარაკებები რაც შეიძლება კონსტრუქციული იქნება. ამის შესახებ დევიდ ქემერონმა ბრიუსელში ევროპელ ლიდერებთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ “ბრექსითის” შემდეგ დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობები უნდა შეინარჩუნოს. დევიდ ქემერონმა ბრიტანელებს მოუწოდა, ზურგი არ შეაქციონ ევროპას.

“მე განვმარტე, რომ დიდი ბრიტანეთი დატოვებს ევროკავშირს, თუმცა ეს პროცესი რაც შეიძლება კონსტრუქციული უნდა იყოს. იმის გამო, რომ ევროკავშირს ვტოვებთ, ევროპას ზურგი არ უნდა შევაქციოთ. ეს ქვეყნები ჩვენი მეგობრები, მოკავშირეები, პარტნიორები არიან. ვიმედოვნებ, რომ ჩვენ რაც შეიძლება მჭიდროდ ვითანამშრომლებთ ვაჭრობის, უსაფრთხოების სფეროებში”, – განაცხადა დევიდ ქემერონმა.

დევიდ ქემერონი ბრიუსელში ევროკავშირის სამიტზე იმყოფება. ეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ევროპელ ლიდერებთან პირველი შეხვედრაა 23 ივნისის რეფერენდუმის შემდეგ.

წყარო:2030.news