მინდა, რომ ერთად გავიაზროთ ჩვენი მომავალი. მეტწილად, იგი საიდუმლოებით არის მოცული, მაგრამ სულიერი ადამიანი მაინც ხედავს მას. უპირველეს ყოვლისა, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი მომავალი ახალგაზრდობაა და ჩვენი მერმისი იმაზეა დამოკიდებული, თუ რას გააკეთებენ და როგორ მოიქცევიან ისინი, ჩვენი შვილები, ჩვენი შვილიშვილები….
მე იმედით შევყურებ საქართველოს მომავალს, რადგან ჩვენი ტაძრები, ღვთის მადლითა და ლოცვა-კურთხევით, სავსეა ახალგაზრდობით! ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი სიკეთის გზაზე დგანან და ამ გზით სვლას გააგრძელებენ მომავალშიც. ჩვენს ქვეყანაში ჩამოსული ყველა სტუმარი ერთხმად აღიარებს, რომ მათ არსად უნახავთ ამდენი ახალგაზრდა ეკლესიებში. ქართველმა კარგად იცის, რომ სულიერებისა და მაღალი ზნეობის გარეშე ადამიანი დაიღუპება. აი, ამიტომ გვიხსნის ღმერთი გონებას. გული გონიერი უნდა გვქონდეს და ჩვენს ყოველ საქმეში უნდა მონაწილეობდეს გულიცა და გონებაც.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II