და პასუხს აგებს კიდეც ღვთის წინაშე ნათლულის სულიერ აღზრდაზე

“უკუეთუ ვინმე არა იშვეს წყლისაგან და სულისა, ვერ ხელ-ეწიფების შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა”, – ბრძანებს მაცხოვარი და მიგვანიშნებს, რომ ნათლისღება, რომლის ძალითაც ადამიანი ცოდვებისგან განიწმინდება და იშვება ახალი, სულიერი ცხოვრებისთვის, აუცილებელი პირობაა მარადიული ნეტარი ცხოვრების მოსაპოვებლად. ამავე დროს, ნათლისღებისას ადამიანი სულიწმინდის მადლით იმოსება, ე.ი. იღებს ღვთაებრივ ნათელს და ქრისტეს ეკლესიის წევრი, მისი სხეულის ნაწილი ხდება. მაგრამ ვიდრე ჯერი ნათლობის საიდუმლოს აღსრულებაზე მიდგება, ადამიანი ირჩევს ნათლიას, მიმრქმელს, რომელიც მისი სულიერი მშობელი ხდება და ამიტომ, ცხადია, ნათლულის მიმართ გარკვეული პასუხისმგებლობაც ეკისრება… რა არის ნათლიის უმთავრესი მოვალეობა? როგორ უნდა წარიმართოს ურთიერთობა ნათლიასა და ნათლულს შორის? შეიძლება თუ არა, უარი ვთქვათ ნათლისღებაზე?

ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება მარგვეთისა და უბისის წმინდა გიორგის სახელობის საკათედრო ტაძრის მოძღვარი მამა გიორგი რევიშვილი.

– რა მოვალეობა ეკისრება ნათლიას ნათლულის წინაშე?

– ნათლიის უმთავრესი მოვალეობა ნათლულის სულიერი აღზრდა, მისი ქრისტიანულად განსწავლა და მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში განმტკიცებაა. მან უნდა ასწავლოს ნათლულს ყველაფერი, რაც სულიერ, ქრისტიანულ ცხოვრებას ეხება: ლოცვა, მარხვის დაცვა, წირვა-ლოცვაზე დასწრება, – დაეხმაროს სულიერი მოძღვრის არჩევაში, აუხსნას აღსარებით სულის ცოდვებისგან განწმენდისა თუ სხვა საეკლესიო წესების დაცვა-აღსრულების აუცილებლობა, სულიერი მოძღვრის ლოცვა-კურთხევითა და მისი რჩევა-მითითებების გათვალისწინებით ესაუბროს მათ მნიშვნელობაზეც. ე.ი. ნათლია ხდება სულიერი მშობელი, რომელმაც თვალყური უნდა ადევნოს ნათლულის სარწმუნოებრივ სვლას და დაეხმაროს სულიერი ცხოვრების სწორად, მართებულად წარმართვაში. მას ამაზე პასუხისმგებლობა უფლისგან ეკისრება, ამიტომ უფლისგანვე მოეკითხება და პასუხს აგებს კიდეც ღვთის წინაშე ნათლულის სულიერ აღზრდაზე.

– აქედან გამომდინარე, ნათლიად ეკლესიური, უფლის მცნებათა დაცვით მცხოვრები ადამიანი უნდა შევარჩიოთ, თუმცა ბევრი, ვისაც სრულყოფილად გაცნობიერებული არა აქვს ნათლობის არსი და მნიშვნელობა, ნაკლებად ესმის მიმრქმელის, ნათლიის დანიშნულება და ვალდებულება, – ცდილობს, ნათლიად მატერიალური შესაძლებლობებით ან სხვა ყოფითი უპირატესობით გამორჩეული ადამიანი შეარჩიოს. როგორი დამოკიდებულება აქვს ეკლესიას ამ საკითხის მიმართ?

– ნათლიად მატერიალურად შეძლებული ადამიანი კი არ უნდა ვეძიოთ, რაც ვერცხლისმოყვარეობის ცოდვადაც კი გვეთვლება, არამედ სულით მდიდარი პიროვნება, რომელიც სულის გადარჩენაში დაგვეხმარება. ეკლესიისთვის ასევე მიუღებელია სხვა ყოფითი უპირატესობისა თუ მიწიერი მიზეზების გათვალისწინებით ნათლიის შერჩევა, თუმცა წლების მანძილზე რელიგიური რწმენის უგულებელყოფამ ჩვენში მრავალი არაეკლესიური წესისა და ტრადიციის დამკვიდრებას შეუწყო ხელი. იმ პერიოდში ადამიანთა უმრავლესობამ მხოლოდ გადმოცემით იცოდა ნათლობის აუცილებლობის შესახებ, ამიტომ ის ერთგვარ მოვალეობადაც კი მიაჩნდა და ცხადია, მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით ინათლებოდა, მის სულიერ მნიშვნელობაზე კი წარმოდგენაც არ ჰქონდა. ამის კვალობაზე, არც ნათლიას ირჩევდნენ სულიერების გათვალისწინებით. მისი შერჩევისას ყურადღებას ადამიანის საზოგადოებრივ და მატერიალურ მდგომარეობას თუ სხვა მიწიერ მიზეზებს აქცევდნენ, რაც ერთგვარ ტრადიციადაც კი იქცა, მაგრამ აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ მხრივ დღესდღეობით გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა, რადგან მრევლმა, ეკლესიურად მცხოვრებ ადამიანთა რიცხვმა იმატა და ბევრი ცდილობს, სულიერი საკითხები ეკლესიასთან შეთანხმებით, ეკლესიური წესების დაცვით შეასრულოს.

– როგორც აღვნიშნეთ, ნათლია ვალდებულია განამტკიცოს ნათლული მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში და ხელი შეუწყოს მის ქრისტიანულ აღზრდას. რა მოეთხოვება თავის მხრივ ნათლულს?

– როგორც ხორციელი მშობლის სიყვარული, პატივისცემა და მორჩილება ევალება ადამიანს, ასევე ევალება სულიერ შვილს, ნათლულს, სულიერი მშობლის – ნათლიის პატივისცემა, სიყვარული და მორჩილება. იგი ვალდებულია დაჰყვეს ნათლიის ნებას და სულიერი ცხოვრება მისი რჩევა-მითითებების გათვალისწინებით წარმართოს.

– ჩვენში გავრცელებულია წესი ახალმონათლულის ნათლობიდან მესამე დღეს დაბანისა, თანაც მის დაბანას სასურველ პიროვნებას სთხოვენ, რომელსაც შემდეგ განმბანელ ნათლიას უწოდებენ. აქვს თუ არა ამ ქმედებას რაიმე საერთო მართლმადიდებლურ სარწმუნოებასთან?

– როდესაც ადამიანი ინათლება, მასზე სრულდება მირონცხების საიდუმლოც – სცხებენ ნაკურთხ მირონს, რომლის დროსაც ახალმონათლულზე მოიწევა სულიწმინდის განსაკუთრებული მადლი მისი სულიერი ცხოვრების ზრდის, განმტკიცებისა და განვითარებისთვის. ნაკურთხი მირონი უდიდეს სიწმინდეს წარმოადგენს, რომელთან მიახლების უფლება მხოლოდ და მხოლოდ სასულიერო პირთ ეძლევათ. იმის გამო, რომ ჩვენში სულიერება სათანადო სიმაღლეზე არ დგას და ბევრს, მათ შორის მორწმუნე ადამიანებსაც, გაუჭირდებათ, ოჯახის პირობებში სათანადო კრძალვით მოეპყრონ წმინდა მირონს, ახალმონათლულს მღვდელმსახური ნათლობის საიდუმლოს დასრულებისთანავე განბანს მირონისგან, რათა ადამიანებს სიწმინდისადმი მოუფრთხილებლობის ცოდვაში ჩავარდნა ასცდეთ. მაგრამ ქრისტიანობის უძველეს ხანაში, როდესაც ხალხი ღვთის ჭეშმარიტი მოშიშებით ცხოვრობდა და სიწმინდეების მიმართაც სათანადო კრძალულებას იჩენდა, ნათელღებულის მირონისგან განბანა რვა დღის შემდეგ ხდებოდა. ოჯახი მისთვის სასურველ პიროვნებას ახალმონათლულის ეკლესიაში წაყვანას სთხოვდა, რათა მღვდელმსახურს იგი წმინდა მირონისგან განებანა, მიმყვანელს კი სიმბოლურად “განმბანელს” უწოდებდნენ. რაც შეეხება ხალხში გავრცელებულ წესს ახალმონათლულის მესამე დღეს დაბანისა, ეს მცდარი ტრადიციაა და არც ამ წესის შემსრულებელი პიროვნება შეიძლება ჩაითვალოს ნათლიად.

– რამდენი ნათლია უნდა ჰყავდეს ადამიანს?

– ადამიანს, საკმარისია, ერთი ნათლია ჰყავდეს, მაგრამ არც ორი ან სამი ნათლიის შერჩევა ეკრძალება, თუმცა სასურველია ორზე მეტი არ შევარჩიოთ.

– თუ ადამიანი ზრდასრულ ასაკში ინათლება, შეიძლება თუ არა ნათლიად ასაკით უმცროსი პირი შეარჩიოს?

– ასაკით უმცროსი ადამიანის ნათლიად შერჩევა არ გვეკრძალება, თუ ის ასაკით უფროსი ნათლულის ქრისტიანულად აღზრდის პასუხისმგებლობას იტვირთავს და მოახერხებს.

– არსებობს მოსაზრება, რომ არ შეიძლება ნათლიობაზე უარის თქმა. რას ურჩევს ეკლესია იმ ადამიანებს, რომელთაც ამ მოსაზრების სწამთ და ნათლიობაზე სწორედ ამ მიზეზით თანხმდებიან, ან, პირიქით, მოსანათლი თუ მისი მშობელი ნათლიად იკიდებენ ადამიანს, რომელსაც თვითონ აქვს ნათლიად გახდომის სურვილი?

– თუ ადამიანი არაეკლესიურად ცხოვრობს, წარმოდგენაც არა აქვს ნათლიის მოვალეობაზე და ხვდება, რომ ხელს ვერ შეუწყობს მოსანათლის სულიერ აღზრდასა და ქრისტიანულად განათლებას, უმჯობესიც კია, რომ ამ მიზეზით ზრდილობიანად თქვას უარი ნათლიობაზე, რადგან, როგორც აღვნიშნეთ, ნათლიას ნათლულის ქრისტიანულად აღზრდის პასუხისმგებლობა თავად უფლისგან ეკისრება და უფლისგანვე მოეკითხება. ასევე ზრდილობიანი უარი შეიძლება განვუცხადოთ ნათლიად მოკიდების მსურველს, თუკი ის სულიერ ცხოვრებას არ მიჰყვება. ამდენად, აზრი, რომ ნათლიობაზე უარის თქმა დაუშვებელია, არ შეესაბამება საეკლესიო სწავლებას.

– ეკლესიური მოძღვრებით, ნათლიად შეიძლება შევარჩიოთ მხოლოდ მართლმადიდებლური სარწმუნოების მიმდევარი. ითვლება თუ არა ადამიანი მონათლულად, თუკი ნათლიად მოუნათლავ ან სხვა სარწმუნოების მიმდევარ პირს შეარჩევს, ის კი საიდუმლოს აღმსრულებელ ღვთისმსახურს აღმსარებლობას დაუმალავს? შესაძლოა ისეც მოხდეს, რომ ნათლია ნათლობის შემდეგ განუდგეს ჭეშმარიტ, მართლმადიდებლურ სჯულს და მწვალებლურ მიმდინარეობას ეზიაროს…

– თუკი ნათლობას მართლმადიდებელი ღვთისმსახური აღასრულებს, ადამიანი ნებისმიერ შემთხვევაში მონათლულად ჩაითვლება, რადგან მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში მყოფ მღვდელმსახურთა მიერ აღსრულებულ არც ერთ მღვდელმოქმედებაში, მათ შორის – ნათლობის საიდუმლოს აღსრულებაში, არავითარი სიცრუე არ არსებობს. ნათლიად შერჩეული არამართლმადიდებელი პირი კი ნათლიად არ ითვლება. საერთოდ, უნდა ვიცოდეთ, რომ ღვთისმსახურთათვის ნათლიად შერჩეული ადამიანის აღმსარებლობის ან მისი მოუნათლაობის დამალვა ცოდვაა.

რაც შეეხება მართლმადიდებლური სარწმუნოებიდან ნათლობის შემდეგ განმდგარ ნათლიას, მისი სარწმუნოებრივი ღალატი არ აუქმებს მისგან მონათლული ადამიანის ნათლისღებას – ის კვლავ ეკლესიის წევრად რჩება და მეორედ ნათლისღება არ სჭირდება. საზოგადოდ, ადამიანზე ნათლობის საიდუმლო ერთხელ აღესრულება. მისი განმეორება, ე.ი. მეორედ მონათვლა, არ შეიძლება. ნათლისღება სულიერ შობას ნიშნავს და როგორც ხორციელად ერთხელ იშვება ადამიანი, სულიერი შობაც მხოლოდ ერთხელ ხდება.

– მაგრამ ზოგჯერ ადამიანმა დანამდვილებით არ იცის, მონათლულია თუ არა. როგორ უნდა მოიქცეს ასეთ შემთხვევაში?

– ასეთ შემთხვევაში წმინდა ეკლესია ნათლობის საიდუმლოს აღასრულებს VI მსოფლიო საეკლესიო კრების 84-ე კანონზე დაყრდნობით, რომლის თანახმადაც, “ჩვილები, რომლებსაც არა ჰყავთ მოწმეები, ზედმიწევნით მცოდნენი იმისა, რომ ისინი ნამდვილად ნათელღებულნი არიან და უასაკობის გამო თვითონაც არ შეუძლიათ უპასუხონ, მიღებული აქვთ თუ არა ნათელი, ყოველი მიზეზის გარეშე უნდა მოინათლონ, რადგან შესაძლებელია ისინი მოუნათლავნი დარჩნენ”. ეს კანონი ეხება ზრდასრულ ადამიანებსაც, რომლებმაც არ იციან, მოინათლნენ თუ არა ბავშვობისას. ამის შესახებ მიანიშნებს კართაგენის კრების 72-ე კანონი.

KARIBCHE– შეიძლება თუ არა, ნათლიად შევარჩიოთ ადამიანი, რომლის წინაპარსაც მონათლული ჰყავს ჩვენი ოჯახის წევრი ან წინაპარი?

– ასეთი რამ არ იკრძალება.

– შეიძლება თუ არა მოვნათლოთ ერთი ოჯახის რამდენიმე წევრი, მაგალითად, დედა და შვილი, დედმამიშვილები და ა.შ. ან ჩვენი წინაპრის მიერ მონათლული ადამიანის შთამომავალი?

– ერთმა ადამიანმა შეიძლება მონათლოს ერთი ოჯახის რამდენიმე წევრი, ასევე შეიძლება მოვნათლოთ ჩვენი წინაპრის მიერ მონათლული ადამიანის შთამომავალი, მაგრამ ნათელმირონობის შებრუნება არ უნდა მოხდეს უშუალოდ ნათლიისა და ნათლულის ოჯახებს შორის, მაგალითად, ჩვენს მიერ მონათლულმა ადამიანმა არ უნდა მონათლოს ჩვენი შვილი.

– როგორ შეიძლება მოვიქცეთ იმ შემთხვევაში, თუკი ნათლიად შერჩეული ადამიანი რაიმე მიზეზის გამო ვერ ახერხებს დაესწროს ნათლობის საიდუმლოს?

– თუკი ნათლიად შერჩეულ პირს ნათლობის საიდუმლოზე დაუსწრებლობის საპატიო მიზეზი აქვს, ამის შესახებ წინასწარ უნდა შევატყობინოთ საიდუმლოს აღმსრულებელ ღვთისმსახურს და ვთხოვოთ, ის ნათლიად დაასახელოს. უმჯობესია, ნათლიად შერჩეულმა პირმა პირადად ინახულოს ღვთისმსახური, აუხსნას ნათლობაზე დაუსწრებლობის მიზეზი და აღუთქვას, რომ შეასრულებს ნათლიის მოვალეობას – იზრუნებს ნათლულის ქრისტიანულ აღზრდაზე.

– არსებობს გამოთქმა – “ნათლიამ დაანათლა”. შეიძლება თუ არა, ნათლიამ რაიმე დაგვანათლოს?

– ნათლობის საიდუმლოს აღსრულების დროს ნათლია უფლის წინაშე მხოლოდ იმის პირობას დებს, რომ ნათლულს ქრისტიანული რწმენის შესაბამისად აღზრდის. ამდენად, მას არაფრის დანათლება-არდანათლება არ შეუძლია. ეს გამოთქმა ხალხის მიერაა მოგონილი და საეკლესიო ტრადიციისთვის მიუღებელია.

– რატომ სჩუქნის ნათლია ნათლულს ჯვარს?

– საზოგადოდ, ნათლობის დროს ადამიანს ჯვარი ეძლევა იმის ნიშნად, რომ ქრისტიანი, ჯვარცმული ქრისტეს მიმდევარი, მისი მებრძოლი და მეომარი გახდა. ამასთანავე, სწორედ ჯვრის ძალით უნდა ებრძოლოს იგი უკეთურ ძალას, მან უნდა დაიცვას და დაიფაროს ბოროტისგან – ჯვარი ხომ ის იარაღია, რომლითაც დაამარცხა მაცხოვარმა კაცობრიობის უმთავრესი მტერი – ეშმაკი, გამოიხსნა ცოდვის მონობასა და მარადიული სიკვდილის ტყვეობაში მყოფი კაცობრიობა და ადამიანებს უფალთან სიახლოვის, ცათა სასუფეველში დამკვიდრების საშუალება მისცა. რაკი ნათლია პირობას დებს, რომ განაშორებს ნათლულს ეშმაკის საქმეთაგან და მისი სულის გადარჩენისათვის იზრუნებს, სიმბოლურად ქრისტიანობის უმთავრეს ნიშანს – ჯვარსაც უძღვნის, რითაც ერთგვარად ადასტურებს კიდეც, რომ მზადაა ღვთის წინაშე დადებული პირობის შესასრულებლად.

– როგორი ჯვარი უნდა აჩუქოს ნათლიამ ნათლულს – ჯვარცმით თუ ჯვარცმის გარეშე?

– არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, როგორ ჯვარს მიუძღვნის ნათლია ნათლულს. მთავარია, ის შესრულებული იყოს მართლმადიდებლური კანონიკის ზუსტი დაცვით. ასევე არა აქვს მნიშვნელობა იმას, რა მასალისგანაა დამზადებული ნათლიის მიერ ნაჩუქარი ჯვარი.

– ჯვრის გარდა ნათლია ნათლულს თეთრ პირსახოცს ან თეთრ შესამოსელსაც უძღვნის…

– თეთრი სიმბოლურად სიწმინდის, სისპეტაკისა და სისუფთავის ფერია: წყალში სამგზის შთაფლვის შემდეგ, რომლის დროსაც ადამიანზე უხილავად გადმოდის სულიწმინდის მადლი და ყოველგვარი ცოდვისგან განიწმინდება, ახალმონათლულს სიმბოლურად მოსავენ თეთრი შესამოსლით, ნიშნად მისი სულის სიწმინდისა და სისპეტაკისა, ნათლობის შემდგომ კი მის სულიერ სიწმინდეზე ზრუნვა ნათლიას ევალება. ისიც, მისი სულის სისპეტაკეზე ზრუნვისთვის მზადყოფნის დასტურად, ნათლულს სიმბოლურად თეთრ შესამოსელსაც უძღვნის.

– შეიძლება თუ არა ნათლიის გადარჩევა-გამოცვლა, თუ ნათლიასა და ნათლულს ან მათ ოჯახებს შორის რაიმე უთანხმოების გამო ურთიერთობა დაიძაბება?

– როგორც ხორციელ მშობელს ვერ გამოიცვლის ადამიანი, განურჩევლად იმისა, მოსწონს თუ არა იგი, ასევე შეუძლებელია სულიერი მშობლის – ნათლიის გადარჩევა-გამოცვლა. ვერავითარი უთანხმოება ვერ გააუქმებს იმ სულიერ ნათესაურ კავშირს, რაც ნათლიასა და ნათლულს შორის არსებობს.

– თუნდაც ნათლიისა და ნათლულის ოჯახის წევრებს შორის ყველაზე საშინელი და უმძიმესი ცოდვით დაცემა – ხორციელი ღალატი ანუ ნათელმირონობის ავხორცობით შებღალვა მოხდეს?

– ვერც ასეთი უმძიმესი ცოდვა გააუქმებს ნათლიასა და ნათლულს შორის არსებულ სულიერ ნათესაურ კავშირს, მაგრამ ამ ცოდვის ჩამდენნი აუცილებლად უნდა მივიდნენ ღვთისმსახურთან და ეს უმძიმესი ცოდვა შემუსვრილი გულით მოინანიონ, რათა ღვთის სასჯელი არ მოიწიონ. ნათლიამ და ნათლულმა კი თავიანთი შემდგომი სულიერი ურთიერთობა ღვთისმსახურის რჩევა-მითითებების გათვალისწინებით უნდა გადაწყვიტონ.

– არსებობს აზრი, რომ ადამიანი, რომელსაც შვიდი ნათლული ჰყავს, ცოდვათაგან განიწმინდება. რამდენად გამართლებულია ეს ეკლესიური სწავლებით?

– ადამიანი ცოდვათაგან მხოლოდ მაშინ განიწმინდება, თუკი ამბობს აღსარებას და გულწრფელად განიცდის საკუთარ ცოდვებს. ამდენად, ეკლესიური მოძღვრებით ეს შეხედულება არ არის მართებული.

– როგორ უნდა იზრუნოს ნათლულმა გარდაცვლილი ნათლიისთვის და რატომ მიაქვს ნათლიის გარდაცვალების შემთხვევაში ნათლულს მისთვის კელაპტარი?

– ნათლიის გარდაცვალების შემთხვევაში ნათლულმა უნდა იზრუნოს მის სულზე გარდაცვლილი ნათლიის სახელზე შეკვეთილი წირვების დაყენებით, მისთვის სულის საოხი პანაშვიდების გადახდით, მოწყალების გაღებითა თუ ეკლესიის მიერ მიცვალებულთათვის დადგენილი სხვა წესების შესრულებით. რაც შეეხება გარდაცვლილი ნათლიის ოჯახში კელაპტრის მიტანას, ნათლულს ის სიმბოლურად მიაქვს, რითაც გამოხატავს სურვილს, რომ გარდაცვლილი ნათლიის სულმა დაივანოს ზეციურ სასუფეველში, მარადიული ნათლის საუფლოში.

– ვალდებულია თუ არა ნათლია, ნათლობის საიდუმლოს სანაცვლოდ გაიღოს გარკვეული საზღაური? ბევრს აინტერესებს, გამართლებულია თუ არა შესაწირის გაღება ამა თუ იმ მღვდელმოქმედებისთვის. ხშირად სწორედ ღვთისმსახურთა მიერ კერძო საეკლესიო მსახურების სანაცვლოდ გასამრჯელოს აღება ხდება მიზეზი მათი განკითხვისა და მათ მიმართ ნდობის დაკარგვისა…

– ადამიანმა შესაწირი უნდა გაიღოს ნებისმიერი კერძო ღვთისმსახურების, მათ შორის – ნათლობის საიდუმლოს სანაცვლოდ, ღვთისმსახურთა მიერ ჩვენთვის გაწეული ამა თუ იმ საეკლესიო მსახურების წილ, რომელთა მეოხებითაც მოგვმადლებს უფალი მადლსა და წყალობას. ამის შესახებ პირდაპირ მიანიშნებს მაცხოვრის სიტყვები: “რამეთუ ღირს არს მუშაკი სასყიდელსა თვისსა” (მათე 10:10), პავლე მოციქული კი კორინთელთა მიმართ მიწერილ ეპისტოლეში შეგვაგონებს: “განა არა გვაქვს ჭამა-სმის უფლება?.. რომელ ჯარისკაცს უმსახურია ოდესმე საკუთარ ხარჯზე? ვინ რგავს ვაზს და მის ნაყოფს არ ჭამს? ვინ მწყემსავს ნახირს და მის რძეს არ სვამს?.. მხვნელმა იმედით უნდა ხნას, მლეწავმა კი წილის იმედით ლეწოს. თუ სულიერი დაგითესეთ, განა დიდი ამბავია, რომ თქვენგან ხორციელიც მოვიმკათ?” (I კორინთ. 9:4-11). მღვდელმსახურთა მიერ გაწეული მსახურების სანაცვლოდ გასამრჯელოს გაღების აუცილებლობაზე მიგვითითებენ ეკლესიის წმინდა მამებიც. ამდენად მორწმუნე ვალდებულიც კია, ნებისმიერი კერძო ღვთისმსახურებისთვის გარკვეული საზღაური გაიღოს, რადგან მღვდელმსახურთა ერთადერთი შემოსავალი მრევლის მიერ გაღებული შემოწირულობაა მათ მიერ გაწეული სულიერი შრომის სანაცვლოდ. “ვინც საკურთხეველთან დგას, საკურთხევლიდან უნდა საზრდოობდეს”, – გვამცნობს მოციქულთა 41-ე კრების ერთ-ერთი დადგენილება, რაც იმას ნიშნავს, რომ ღვთისმსახურნი უნდა იყვნენ საეკლესიო ერის კმაყოფაზე, რათა არ დასჭირდეთ მატერიალურზე ზრუნვა. სხვაგვარად დრო აღარ დარჩებათ სულიერი მსახურებების აღსასრულებლად, ქადაგება იქნება ეს, აღსარების მიღება, კერძო მსახურებათა აღსრულება თუ სხვა. მაგრამ ღვთისმსახურს უფლება არა აქვს, ამა თუ იმ კერძო ღვთისმსახურების სანაცვლოდ დააწესოს და მოითხოვოს კონკრეტული თანხა – ადამიანმა შესაწირი უნდა გაიღოს ნებაყოფლობით და იმდენი, რამდენის გაღების საშუალებაც აქვს. “…უნდა იკმარონ ის, რაც მოაქვს მომტანს”, – გვამცნობს ამის შესახებ მოციქულთა დადგენილება.

– რამდენ თაობაზე გადადის ნათლიისა და ნათლულის ოჯახებს შორის არსებული სულიერი ნათესაური კავშირი?

– ნათლიისა და ნათლულის ოჯახებს შორის სულიერი ნათესაური კავშირი გრძელდება მერვე თაობის ჩათვლით. ამ ხნის მანძილზე მათ შორის არ უნდა მოხდეს შეუღლება, მაგრამ ქორწინება იკრძალება უშუალოდ ნათლიისა და ნათლულის შთამომავლებს, ე.ი. მათ შვილებს, შვილიშვილებს და შვილთაშვილებს შორის. მათ და-ძმას, ბიძაშვილ-მამიდაშვილებსა თუ დეიდაშვილებს და მათ შთამომავალთა შორის შეუღლება დასაშვებია.