რა უნდა ვაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენი ახალგაზრდობა მუდამ ადგეს ჭეშმარიტების გზას? უპირველეს ყოვლისა, ისინი უნდა აღვზარდოთ საკუთარი სწორი მაგალითით. სათნო ცხოვრების მაგალითი ბავშვს მშობელმა უნდა აჩვენოს და ეს სამუდამოდ დარჩება მის ცნობიერებაში ისეთ მაგალითად, რომელსაც აუცილებლად მიბაძავს და გაიმეორებს. მახსენდება ჩემი მშობლები; მათი საქციელი ყოველთვის მაგალითი იყო ჩვენთვის.
სამწუხაროდ, დღეს ამ თემაზე ნაკლებად ფიქრობს ზოგიერთი თანამედროვე მშობელი. ხშირია, როცა ბავშვი ხედავს, რომ ცუდად იქცევა დედა ან მამა და კრიტიკა და წინააღმდეგობა იზრდება მის გულსა და გონებაში. ამიტომ მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ მათი მაგალითი ძალიან მნიშვნელოვანია შვილების კეთილად აღზრდის საქმეში.
ამასთან, უნდა გვიყვარდეს ჩვენი შვილები და უნდა ვენდობოდეთ მათ. მშობლებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ ბავშვმა იგრძნოს, თუ როგორ უყვარს იგი მშობლებს და როგორ ენდობიან. ბევრი შემთხვევა ყოფილა, როცა ბავშვი არასწორად მოქცეულა, დავუშვათ, ფული ან რაღაც ნივთი მოუპარავს და სწორედ იმ ბავშვისთვის ჩაუბარებიათ ფული, რომ ვინმესთვის გადაეცა. მისთვის აღმოჩენა იქნება, როცა შეიტყობს, რომ მას ენდობიან! და რახან ენდობიან, ის აღარ მოიპარავს. აი, ასეთი სიბრძნე გვმართებს აღმზრდელობით საქმეში.
ბავშვს უნდა შევძინოთ ცოდნა, შემეცნების სიყვარული, მაგრამ არა იძულებით. კი არ უნდა ვაიძულოთ, რომ გაკვეთილები ისწავლოს, არამედ თვითონ უნდა ჰქონდეს წყურვილი და სიყვარული ცოდნის შეძენისა, უნდა ჰქონდეს განწყობა. ამასთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მას უნდა უყვარდეს თავისი მასწავლებელიც, მშობლებიც და ის საქმეც, რომელსაც აკეთებს. ასევე, მინდა შეგახსენოთ, რომ აუცილებელია შრომა. ფეხს რომ აიდგამს ბავშვი, იქიდან მოყოლებული უნდა ვასწავლოთ გარჯა.
ჩვენთან, მთაში იციან თქმა: შვილი გაზარდე მტრულადა, გამოგადგება ძმურადა. მართლა მტრულად კი არ ზრდიან, არამედ მკაცრად. ასეთი სიმკაცრით ზრდიან მთაში შვილებს და ერთგულები გამოდიან ქვეყნისაც და მშობლებისაც.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II