საქართველოს საპატრიარქოს განცხადება

31 იანვარი, 2016 წელი

 

ა.წ 22-27 იანვარს მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურების ჟენევაში (შამბეზში) გამართული შეხვედრის ძირითადი შედეგები ასეთია:

როგორც უკვე განვაცხადეთ, წმინდა და დიდ კრებაზეგასატანი ყველა დოკუმენტი გასაჯაროვდება;

შეთანხმებული და ყველას მიერ მიღებული საკითხების გარდა სხვა თემა კრებაზე არ განიხილება;

წმინდა და დიდ კრებაზე მოხდება უკვე შეჯერებული საკითხების ხელახლა განხილვა და ერთსულოვანი გადაწყვეტილებების საბოლოო მიღება. თითოეული ავტოკეფალური ეკლესია ერთი ხმის უფლებით ისარგებლებს.

მიიჩნევა, რომ წმინდა და დიდ კრებაზე მიღებულ გადაწყვეტილებებს ექნება საერთო მართლმადიდებლური აღიარება (ავტორიტეტი) და არა საყოველთაო სავალდებულო ხასიათი.

იგეგმება, რომ წმინდა და დიდი კრების გახსნას და დახურვას მოწვეული სტუმრის სტატუსით დაესწრონ სხვა ქრისტიანული ეკლესიებისა და დენომინაციების წარმომადგენლები შეზღუდული რაოდენობით; უშუალოდ კრებას კი, – მხოლოდ მართლმადიდებელი იერარქები, სამღვდელოების, ბერ-მონოზვნებისა და ღვთისმეტყველთა გარკვეული რაოდენობა.

კრების ჩატარება განზრახულია 16-28 ივნისს საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე.

აღვნიშნავთ იმ ფაქტსაც, რომ შამბეზში ასევე განხილული იყო სამი საკითხი, რომელთაგან საერთო კალენდრის თემა ამოღებული იქნა დღის წესრიგიდან. ,,მართლმადიდებელი ეკლესიის მისია თანამედროვე მსოფლიოში“ ნაწილობრივ ჩასწორდა, ხოლო დოკუმენტმა, – ,,ქორწინება და მისი დამაბრკოლებელი გარემოებები,“- რადგან სათანადო ცვლილება არ განიცადა, საქართველოს ეკლესიის მეთაურმა და ანტიოქიის ეკლესიის წარმომადგენელმა მას ხელი არ მოაწერეს, რაც ნიშნავს იმას, რომ საკითხი კიდევ უნდა დამუშავდეს.

P.S.საქართველოს საპატრიარქო ამზადებს კრებაზე განსახილველი ტექსტების ქართულ ვარიანტს და მალე გამოაქვეყნებს.