შეინანეთ რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათაი (მათე 3, 2), — იოანე ნათლისმცემელის ამ სიტყვებით დაიწყო ქადაგება იესო ქრისტემ (მათე4 17).ბერძნული სიტყვა metanoia (“სინანული“), აღნიშნავს „ცნობიერების შეცვლას“. ქრისტეს ქადაგება იქცა მოწოდებად აზროვნებისა და ცხოვრების წესის  რადიკალური ცვლილებისაკენ, გონებისა და გრძნობების განახლებისაკენ, ცოდვითი საქმეებისა და ზრახვების უარყოფისაკენ, ადამიანის ფერისცვალებისაკენ. სინანულის სინონიმია სიტყვა „მოქცევა“, რომელიც წმინდა წერილში ხშირად გხვდება: მოიქეცინ კაცადი გზისაგან თვისისა ბოროტისა, და უკეთეს-ჰყვენით სიმარჯუენი თქუენი და გზანი თქუენი(იერ. 18, 11). „მოქცევა“ არის ცოდვითი ცხოვრების უარყოფა და დაბრუნება იმასთან, ვისგანაც წამოვედით, ვისაც მოვწყდით, ვისაც განვუდექით. მონანული ადამიანი უძღები შვილის მსგავსია სახარების იგავიდან (ლუკა 15, 11-24): ცოდვითი ცხოვრებით იგი ღმერთს განეშორა, მაგრამ მრავალი ჭირ-ვარამის შემდეგ „გონს მოეგო“ და მამასთან დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. სინანული იწყება მონანიებით და მოქცევით („აღვდგე და წარვიდე“) ცოდვების აღიარების გზით („ვცოდე“); რასაც მოჰყვება ღმერთისგან შენდობა („მოიტანეთ უკეთესი სამოსი“) ღმერთის მიერ მისი შვილად მიღება („ეს ჩემი ძე“)  და სულიერი აღდგომა („მკვდარი იყო და გაცოცხლდა, დაკარგული იყო და გამოჩნდა“).

სინანულის საიდუმლო, რომელსაც, ასევე ეწოდება აღსარება, ეკლესიის მიერ დაწესებულია უძველეს დროში. მოციქულთა საქმეებში ნათქვამია, რომმრავალნი მორწმუნეთაგანნი მოვიდოდეს (მოციქულებთან) და აღუარებდეს საქმეთა მათთა (საქ. 19, 18). აღსარებით იწყებოდა გაქრისტიანებულ წარმართთა ცხოვრება. აღმსარებელი ზოგჯერ საჯარო აღსარებასაც ამბობდა მთელი თემის წიანშე (მე-5 საუკუნისათვის ეს ჩვეულება უკვე აღარ გვხვდება), ასევე რამდენიმე მღვდლის წინაშე. თუმცა უფრო ხშირად აღსარება სხვებისგან დაფარულად ტარდებოდა. ქრისტიანული ტრადიციით, ეკლესია აღიქმება როგორც „საავადმყოფო“, ცოდვა-როგორც სენი, ავადმყოფობა; აღსარება-მკურნალობა, მღვდელი-მკურნალი: „შესცოდე? შედი ეკლესიაში და მოინანიე შენი ცოდვა… აქ ექიმია და არა მსაჯული, აქ არავინ განიკითხება, არამედ თითოეულს მიეტევება ცოდვები“ (წმინდა მღვდელმთავარი იოანე ოქროპირი). აღსარების წესი შენარჩუნებულია სიტყვებით: „უწყი რამეთუ სამკურნალოში მოხვედ და არა განვიდე უკურნებელი“. ცოდვა არის დაცემა, ადამიანის ცდომილება: აღსარება ეხმარება მას წამოდგომასა და სწორ გზაზე დადგომაში.

ქრისტიანს ყველა ცოდვა მიეტევება ნათლობისას. თუმცა, არა ვინ არს კაცი, რომელმან არა ცოდოს (2 ნეშ. 6, 36). ამიტომ ნათლობის შემდეგ ის კვლავ სცოდავს, ცოდვები მის სულში სიბინძურედ და სიშავედ ილექება, რაც არღვევს მისი ცხოვრების სისავსეს ღმერთში, რამეთუ ყოვლადწმიდა ღმერთთან ერთობაში უწმინდური ვერასოდეს შევა. წმინდა მამები სინანულს უწოდებდნენ :მეორე ნათლობას“, რითაც ხაზს უსვამდნენ მის განმწმენდელ, ამაღორძინებელ და განმაახლებელ თვისებას: „სინანული არის ნათლისღების განახლება. სინანული არის ღმერთის წინაშე აღთქმა ცხოვრების გამოსწორების შესახებ… სინანული არის ღმერთთან შერიგება იმ კეთილი საქმეების აღსრულების გზით, რომლებიც წინანდელი ცოდვების საპირისპიროა. სინანული არის სინდისის განწმენდა“ (ღირსი- იოანე კლემაქსი)

თუ აღსარებისას მონანული მწვავედ განიცდის თავის ცოდვიანობას, ეს მას ცხოვრების გამოსწორებაში დაეხმარება. ვინც იშვიათად ამბობს აღსარებას ან საერთოდ არ ამბობს, როგორც წესი, სრულებითაც არ გრძნობს თავს ცოდვლიად:“ვცხოვრობ, როგორც ყველა“, „ჩემზე უარესებიც არიან:, „ვინ არის უცოდველი ჩვენს დროში?“- ყველაზე ხშირად ამას გაიგონებთ ასეთი ადამიანებისაგან. ხოლო ის, ვინც ხშირად ამბობს აღსარებას, ის ყოველთვის პოულობს თავის თავში ნაკლოვანებებს და მათ გამოსწორებას ცდილობს. ეს პარადოქსი ჰგავს მტვერსა და სიბინძურეს, რომელიც მხოლოდ იქ ჩანს, სადაც სინათლეა, და არა ბნელ ოთახში, ასევე, ადამიანის ცოდვილობა მისთვის აშკარა ხდება იმისდა მიხედვით, თუ რამდენად უახლოვდება ის ღმერთს, რომელიც არის ნათელი, ხოლო მის გარეთ შეუძლებელია ცოდვების შემჩნევა, რადგან ყველაფერი ბნელია და ბურუსითაა მოცული.

აღსარება მიემართება ღმერთს, მღვდელი კი მხოლოდ „მოწმეა“, როგორც ნათქვამია საიდუმლოს წეს-განგებაში: რატომ არის საჭირო მოწმე, როდესაც ცოდვის აღიარება თვით ღმერთის წინაშე შეიძლება? ეკლესია, როდესაც ადგენდა აღსარებას მღვდლის წინაშე, უეჭველად ითვალისწინებდა სუბიექტურ ფაქტორს: ღმერთის ბევრს არ რცხვენია, რადგან მას ვერ ხედავენ, ადამიანის წინაშე აღიარება კი სირცხვილია, მაგრამ ეს არის მაცხონებელი სირცხვილი, რომელიც არის სულიერი წინამძღვარი და გვეხმარება სწორი გზის არჩევაში ცოდვის დაძლევისას. აღსარება არ შემოიფარგლება მხოლოდ ცოდვის მოყოლით, ის მღვდლისგან რჩევა-დარიგების მიღებასაც გულისხმობს, ასევე ზოგიერთ შემთხვევაში ეპიტიმიასაც- სასჯელს ან ზნეობრივი სახის განწესებას ცოდვისგან განსაკურნებლად.

აღსარების წინ მღვდელი აფრთხილებს აღმსარებელს, რომ ასღსარება სრული უნდა იყოს: იმ შემთხვევაში, თუ მონანული სირცხვილის ან სხვა რამ მიზეზით ცოდვებს მალავს, მაშინ საიდუმლო უქმად ითვლება: „ნუ შეგრცხვება და ნუ გეშინია და ნურაფერს დამალავ ჩემგან, ამით განსაკუთრებულ ცოდვას ჩაიდენ:. ადამიანი შენდობასაც სრულს იღებს აღსარებაზე: „მე, უღისრსი მღვდელი, მისი (უფლის) ხელმწიფებით, ჩემთვის მოცემულით, მოგიტევებ და შეგინდობ შენ ყველა ცოდვას სახელითა მამისაითა და ძისაითა და სულისა წმიდისაითა“. მიეტევება თუ არა ადამიანს დავიწყებული ცოდვები? ერთმნიშვნელოვანი პასუხი ამაზე არა რის, თუმცა ლოცვაში ლაპარაკია ყველა ცოდვის მიტევებაზე. როგორც წესი, თუ ადამიანმა აღსარების შემდეგ გაიხსენა ცოდვა, იგი მას შემდგომ აღსარებაში ინანიებს. თუმცა, თუკი აღსარება ძალიან იშვიათი არ  არის ადამიანი ვერ ასწრებს თავისი ცოდვის დავიწყებას.

მღვდელი ღმერთისგან ფლობს ხელმწიფებას, მისი სახელით გამოუცხადოს ცოდვების შენდობა. უფალმა იესო ქრისტემ მოციქულებს უთხრა: რაოდენი შეჰკრათ ქუეყანასა ზედა, კრულ იყოს იგი ცათა შინა: და რაოდენი განჰხსნათ ქუეყანასა ზედა, ხსნილ იყოს იგი ცათა შინა (მათე 18, 18).ეს ხელმწიფება- „ შეკვრისა და გახსნისა“, გადავიდა, როგორც ეკლესიას სწამს, მოციქულებისგან მათ მემკვიდრეებზე- ეპისკოპოსებსა და მღვდლებზე.

მას შემდეგ, რაც ერისკაცთა ზიარება ყველ ლიტურგიაზე აღარ არის ნორმა და ის შეიცვალა იშვიათი ან ყოველწლიური ზიარებით, აღსარების საიდუმლო, ბუნებრივია, წინ უნდა უსწრებდეს ზიარებისას. რუსეთის ეკლესიაში ამ ჩვეულებამ თანდათანობით წარმოშვა თეორია, რომლის თანახმადაც, ერისკაცთა ზიარება, სამღვდელოთაგან განსხვავებით, საერთოდ შეუძლებელია აღსარების გარეშე.

ამ მიზეზით დიდ დღესასწაულებზე ზიარების მსურველი ასეულობით ადამიანი დგას რიგში აღსარებისთვის, ხოლო თვით აღსარება ნაჩქარევად  თქმულ სამიოდე ფრაზით ან მხოლოდ შენდობის ლოცვის წაკითხვით შემოიფარგლება, რაც ზიარებაზე „დაშვებად“ აღიქმება. ამ პრაკტიკაში, პროტოპრესვიტერ ალექსანდრე შმემანის აზრით, გარკვეულ როლს ასრულებს საიდუმლოსადმი იურიდიული დამოკიდებულება, როცა ცოდვების შენდობა გამომდინარეობს არა იმდენად ადამიანის სინანულიდან და, ამ სინანულის შეერთებიდან, ღმერთთან მისი შერიგებიდან და ეკლესიასთან შეერთებიდან, რამდენადაც მღვდლის ხელმწიფებიდან; ასე გადაინაცვლებს აქცენტი სინანულიდან შესანდობელ ლოცვაზე, რომელიც აღიქმება როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი ამ საიდუმლოში. ბერძნული აღმოსავლეთის ეკლესიებში აღსარება არ არის ზიარებასთან დაკავშირებული, რაც, ზოგჯერ, პირუკუ უკიდურესობას იწვევს: ადამიანებმა საერთოდ არ იციან, რა არის მონანიება და ეზიარებიან სინდისის გაუწმენდავად.

ბერძნულმა ეკლესიამ არ იცის აგრეთვე, „საერთო აღსარების“ რუსული პრაქტიკა, როდესაც ხალხის დიდი სიმრავლის გამო მღვდელი თითოეულთან ცალკე კი არ საუბრობს, არამედ მხოლოდ ხმამაღლა ჩამოთვლის ცოდვებს, ხოლო მორწმუნენი უპასუხებენ; „ვინანიებ“, ან „შევცოდე“, ანდა არაფერს უპასუხებენ; რის შემდეგაც  წაიკითხება ლოცვა და ყველა მიდის „შენდობის მისაღებად“, ზოგ. შემთხვევაში კი შესანდობელი ლოცვა ყველასათვის იკითხება („მოგიტევებთ და შეგინდობთ თქვენ“) 19-20 ასწლეულების ზღურბლზე, სინოდის განსაკუთრებული ნებართვით, წმინდა იოანე კრონშტადტელმა შემოიღო საერთო აღსარება, რაც უფრო ძველი დროის საჯარო აღსარებას ჰგავდა, ვიდრე იმას, რომელიც ახლა გვხვდება, რამეთუ ყველა იქ დამსწრე თავის ცოდვებს ერთდროულად ასახელებდა ხმამაღლა. რევოლუციის შემდგომ რუსეთში საერთი აღსარებამ ყველგან მოიკიდა ფეხი ტაძრებისა და მღვდლების უკმარისობის გამო. მაგრამ რადგანაც ეს იძულებითი ზომა იყო, ამიტომ მან არ უნდა შეცვალოს კერძო აღსარება, რომლის მადლმოსილი და მაცხონებელი მოქმედება ყოველი მორწმუნისათვის გამოცდილებითაა ცნობილი.

 

                       ავტორი: მიტორპოლიტი ილარიონ (ალფეევი)

წყარო: http://www.faith.ge/