შემოქმედის ეპარქია პატრულის მიერ მამა გაბრიელის ცემის ფაქტს უარყოფს. შემოქმედის ეპარქიის ინფორმაციით, მამა გაბრიელს მანქანაში ჩაჯდომის დროს შუბლის არე დაუზიანდა ღია მანქანის კარზე მირტყმის შედეგად, რამაც სისხლდენა გამოიწვია.

“მამა გაბრიელსა და საპატრულო პოლიციას შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ გამოქვეყნებულმა ინფორმაციამ გამოიწვია მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და გახდა საჯარო განხილვის ობიექტი. გამომდინარე აქედან, თავს ვალდებულად მივიჩნევთ გავაკეთოთ განმარტება, რომელიც ნათელს მოჰფენს შექმნილ ვითარებას და პასუხს გასცემს ამ შემთხვევასთან დაკავშირებით გაჩენილ კითხვებს. საქმე იმაშია, რომ მამა გაბრიელი მართლაც გადაადგილდებოდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნასვამ მდგომარეობაში, მაგრამ ეს არ იყო ალკოჰოლური თრობა, უბრალოდ მიღებული ალკოჰოლის ოდენობა აღემატებოდა კანონით გათვალისწინებულ ნორმებს. გადაადგილების დროს გააჩერა საპატრულო ეკიპაჟმა და მოსთხოვა ალკოჰოლური თრობის ტესტის გავლა. მამაომ განუმარტა მათ, რომ მას ჰქონდა მიღებული სასმელი. საპატრულო პოლიციის მხრიდან მოთხოვნილი იყო ავტომობილის ჩამორთმევა, რაზეც მამაომ უარი განუცხადა იმ მოტივით, რომ არ არსებობდა ამის სამართლებრივი საფუძველი, რადგან მისი თრობის დონე არ უშლიდა ხელს ავტომობილის მართვაში და არ უქმნიდა საფრთხეს ავტოსაგზაო მოძრაობაში მონაწილე პირებს. რაც შეეხება მიღებულ დაზიანებას კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ პატრულის მხრიდან ადგილი არ ჰქონია ფიზიკურ შეხებას და მით უმეტეს ცემის ფაქტს. უბრალოდ გადაყვანის დროს მოხდა მექანიკური დაზიანება. კერძოდ, მანქანაში ჩაჯდომის დროს შუბლის არე დაუზიანდა ღია მანქანის კარზე მირტყმის შედეგად, რამაც გამოიწვია სისხლდენა”, – ნათქვამია შემოქმედის ეპარქიის განცხადებაში.
ლანჩხუთის რაიონის აცანის ეკლესიის წინამძღვარი მამა გაბრიელ კახელიშვილი აცხადებს, რომ მას სამართალდამცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ გაბრიელ კახელიშვილმა თვითდაზიანებები მიიყენა

წყარო: http://karibche.ambebi.ge/